LIVE

ცუკერბერგი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას საჯაროდ პირველად გამოეხმაურა

16 მარ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 785
ცუკერბერგი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას საჯაროდ პირველად გამოეხმაურა
David Paul Morris/Bloomberg

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა. მან რუსეთის ქმედებას "მსოფლიოს მასიურად დესტაბილიზაციის მოვლენა" უწოდა.  

Facebook-ის მშობელი კომპანიის CEO გუშინ ოსტინში ვიდეოკონფერენციაზე ჩაერთო, რათა აუდიტორიისთვის "მეტავერსის" შესახებ ხედვა გაეზიარებინა, მაგრამ მან საუბარი დაიწყო "ნამდვილად საშინელ ომზე" მიმართვით და თქვა, რომ ის უკრაინელ ხალხზე ფიქრობს.

"ნამდვილად ძნელია იპოვო სწორი სიტყვები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში რეალურად რაიმეს ნიშნავს",- თქვა ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, Meta მუშაობს იმისთვის, რომ რეგიონში პლატფორმის სერვისები შეინარჩუნოს და უკრაინელებმა მათი გამოყენება გააგრძელონ. 

ბოლო თვეებში ცუკერბერგი ძირითადად თავს იკავებს პოლიტიკური და მარეგულირებლებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საჯარო კომენტარებისგან. Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძირითადი ნაწილი და საჯარო გამოსვლები დაუტოვა ნიკ კლეგს, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში დააწინაურეს და ახლა Meta-ს გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტის თანამდებობაზეა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Meta-ს პლატფორმები საინფორმაციო ომის ველად იქცა. მათი მეშვეობით, როგორც უკრაინელი, ისე რუსი ლიდერები ცდილობენ თავიანთი მესიჯები მთელ მსოფლიოში გაავრცელონ.

უკრაინასა და ევროკავშირში Meta-მ დაბლოკა რუსული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მედიის ანგარიშები. პლატფორმების პოლიტიკის ბოლო ცვლილებამ, რომელმაც უკრაინელებს მისცა უფლება, რომ გაეზიარებინათ რუსი ძალების მიმართ ძალადობის შემცველი პოსტები, გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია.

რუსმა მარეგულირებლებმა Meta-ს გადაწყვეტილებებს ქვეყანაში Facebook-ისა და Instagram-ის დაბლოკვით უპასუხეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი