რუსეთის მარეგულირებლების გადაწყვეტილებით, დღეიდან ინტერნეტის მომხმარებლებს პოპულარულ სოციალურ ქსელ Instagram-ზე დღეიდან წვდომა აღარ ექნებათ.
მოსკოვის ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს კიდევ უფრო გამკაცრდეს წვდომა უცხოურ სოციალურ მედია პლატფორმებზე ქვეყანაში, სადაც უკვე შეიზღუდა Twitter-ი და დაიბლოკა Facebook-ი.
რუსეთის კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლის Roskomnadzor-ის განმარტებით, სოციალური ქსელი ავრცელებს "მოწოდებებს რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პერსონალის მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ".
რუსეთმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა შეაჩეროს Meta იმის გამო, რასაც რუსეთი "ექსტრემისტულ საქმიანობას" უწოდებს, ამასთან, დაიწყოს კრიმინალური გამოძიება.
Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანია Meta-მ გუშინ განმარტა, რომ ის წინააღმდეგია მომხმარებლებმა გააზიარონ პოსტები, რომლებიც "სახელმწიფოს მეთაურის სიკვდილისკენ მოწოდებას" შეიცავს.
გასულ კვირას Facebook-მა დროებით შეამსუბუქა პლატფორმაზე არსებული წესები იმისათვის, რომ უკრაინელმა მომხმარებლებმა მათ წინააღმდეგ მებრძოლი რუსი სამხედროების მიმართ ძალადობის მუქარის გამოქვეყნება შეძლონ. ცვლილებამ გამოიწვია საზოგადოების დაბნეულობა იმის შესახებ თუ რა იყო დაშვებული Facebook-სა და Instagram-ზე.
Meta-ს გლობალურ საქმეთა პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა გასულ კვირას გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს უკრაინის უფლებების დაცვას და არ მიუთითებს "რუსების მიმართ დისკრიმინაციას, შევიწროებას ან ძალადობას".
გასულ კვირას Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია საკუთარ პლატფორმებზე: Facebook-სა და Instagram-ზე მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) დროებით საშუალებას მისცემს, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში, რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები განათავსონ. ასევე, დაიშვება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდების შემცველი პოსტები.
რუსეთში Instagram-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. ცნობილმა ინფლუენსერებმა მომხმარებლებს მოუწოდეს მათი ანგარიშები telegram-სა და რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში გამოიწერონ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი