LIVE

ხორბალი, შაქარი, მარილი - უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს კრძალავს

09 მარ 202216:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 1339
ხორბალი, შაქარი, მარილი - უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს კრძალავს
Pavlo Pakhomenko/NurPhoto/Getty Images

უკრაინის მთავრობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს კრძალავს, მათ შორის ხორბალს, სიმინდს, მარცვლეულს, მარილსა და ხორცს. 

მთავრობის ადმინისტრაციის დადგენილების თანახმად, “აკრძალულია” შვრიის, ფეტვის, წიწიბურას, შაქრის, მარილის, ხორბლის, ხორცის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და მისი ქვეპროდუქტების ექსპორტი. 

"ეს ექსპორტის დე-ფაქტო აკრძალვას ნიშნავს”,- ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში. 

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, რომან ლეშჩენკომ განაცხადა, რომ ნაბიჯები გადაიდგა “უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად” და "მოსახლეობის კრიტიკული საკვები პროდუქტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”.

ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინა ევროპისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. 

სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური კომპანია Gro Intelligence-ის თანახმად, რუსეთი და უკრაინა გლობალურ ბაზარზე ხორბლის ექსპორტის თითქმის 30%-ს უზრუნველყოფენ. 

საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პირველადი მოხმარების სურსათის იმპორტზე. სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუპერმარკეტებში პროდუქტებზე, განსაკუთრებით შაქარსა და ზეთზე გაზრდილი მოთხოვნაა, რამაც ფასის ზრდას შეუწყო ხელი და ასევე დეფიციტიც წაახალისა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს.