LIVE

რუსული ხომალდი დანიის წყლებში Nord Stream 2-ზე მუშაობას იწყებს

25 იან 202110:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 379
რუსული ხომალდი დანიის წყლებში Nord Stream 2-ზე მუშაობას იწყებს
Bernd Wüstneck/picture alliance/Getty Images

რუსული გემი Fortuna დანიის წყლებში Nord Stream 2-ზე მუშაობას იწყებს. ამით რუსეთმა უგულებელყო აშშ-ს ახალი სანქციები გაზსადენი პროექტის წინააღმდეგ.

როგორც Nord Stream 2 AG-​ის სპიკერმა განაცხადა, დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები „შესაბამისი ნებართვებით ხორციელდება“.

სამუშაოების დაწყებას წინ უსწრებდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესება Fortuna-ს და მის სავარაუდო მფლობელ, რუსულ KVT-Rus-სთვის, რაც მილსადენის მშენებლობის შეჩერებას ისახავს მიზნად. აშშ აცხადებს, რომ Nord Stream2 მოსკოვს ძალიან დიდ ბერკეტებს აძლევს ევროპის გაზმომარაგებაზე და საფრთხეს უქმნის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

1,230კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში შეჩერდა მას შემდეგ, რაც  აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა. 2020 წლის დეკემბერში Fortuna-მ გერმანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში სამუშაოები 2.6 კმ-იანი მილსადენის მშენებლობით დაასრულა.  

აშშ-ს სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების რისკის ფონზე, ციურიხის სადაზღვევო ჯგუფმა შეწყვიტა ხარჯების დაფარვა, საინჟინრო კომპანია Bilfinger-მა კი პროექტთან კავშირი გაწყვიტა. ეს ნაბიჯები მოჰყვა ნორვეგიის სასერთიფიკატო კომპანიის Det Norske Veritas Holding-ისა და დანიური საინჟინრო კომპანიის Ramboll-ის ანალოგიურ მოქმედებებს.

ამის მიუხედავად, რუსული გაზის გიგანტი Gazprom, რომელიც სრულად ფლობს პროექტს, მილსადენის მშენებლობას პრიორიტეტად მიიჩნევს. Nord Stream 2-ის ორი ხაზიდან ერთის მშენებლობა ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დინა ხრენიკოვა