LIVE

ევროკომისია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებს განიხილავს

07 მარ 202222:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 1586
ევროკომისია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებს განიხილავს

ევროკომისია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

ევროკავშირის ელჩების მიერ მიღებული განაცხადების განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ევროპულმა საბჭომ უნდა მოაწეროს, მაგრამ ეს აღწერილია, როგორც პროცედურული ფორმალობა.

წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული განაცხადები განიხილეს და თითოეულ მათგანზე მოსაზრებებს კომისიას გაუზიარებენ. 

კომისიის მიერ დასკვნის მომზადებას შეიძლება 18 თვემდე დასჭირდეს. იმ შემთხვევაში, თუ საქმე აპლიკანტი ქვეყნებისთვის წარმატებით წარიმართება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩვეულებრივ წლები სჭირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. რამდენიმე დღეში მას საქართველომ მიბაძა. 2 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის ამ კვირაში მინიჭებას ბლოკის რამდენიმე წევრი ეწინააღმდეგება.

გამოცემა ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანამ (პოლონეთისა და ბალტიის სამი ქვეყნის ხელმძღვანელობით,) ევროკავშირს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სთხოვა. მათ მოწოდებას მხარს არ უჭერს რამდენიმე ქვეყანა.

გერმანიას, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ ევროკომისიამ, პირველ რიგში, გამოთქვას მოსაზრება უკრაინის მზადყოფნის შესახებ წევრობის მოპოვების პროცესზე იქამდე, სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ამ ქვეყნებს სურთ ფოკუსირება მოახდინონ უკრაინის პრაქტიკულ მხარდაჭერასა და ომის დასრულებაზე, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს პროცესი, რომელსაც შესაძლოა, მინიმუმ ათი წელი დასჭირდეს.

სტატუსის მინიჭების მომხრე ქვეყნები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის სიმბოლურად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის განაცხადის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ გაწევრიანების  პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება.

ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ქვეყნის დიპლომატი ამბობს, რომ კიევი  გაწევრიანების ფორმალური პროცესის დასაწყებად მზად არ არის და მის ქვეყანას არ სურს, უკრაინას ცრუ მოლოდინი შეუქმნას. 

ევროკავშირის წევრობის მოპოვება რთული პროცესია, რომელიც ქვეყნისგან ათობით კრიტერიუმის დაკმაყოფილებას მოითხოვს. ხორვატია იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც ბლოკს შეუერთდა. მისი განაცხადის განხილვა 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა. 

პროცესის დაწყება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის განაცხადის განხილვა უახლოეს დღეებში იგეგმება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი, ნატალია დროზდიაკი და ჯონ ფოლენი