LIVE

ხორბლის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება

08 მარ 202210:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 2757
ხორბლის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება

ხორბლის ფასი რეკორდულ დონეს უახლოვდება. საორიენტაციო ფიუჩერსები ჩიკაგოში 7%-ით გაიზარდა და ბუშელზე $12,94 შეადგინა. 

ამ ზრდას წინ უსწრებდა გასულ კვირაში ფასის მნიშვნელოვანი 41%-იანი მატება, რითაც ფასებმა 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. 

ხორბლის, როგორც მთავარი საკვები პროდუქტის ფასების ზრდა გამოიწვევს სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტზე ზეწოლას და გაზრდის გლობალურ შიმშილის მასშტაბს. პარალელურად, აშშ-ში ფერმერებს გვალვა აწუხებთ, მოსავლის ისტორიულად მძიმე პირობები ფიქსირდება ჩინეთშიც. 

უკრაინასა და რუსეთზე ერთობლივად მოდის გლობალურად პირუტყვის საკვები ხორბლის მეოთხედზე მეტი. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, დახურულია ქვეყნის მთავარი პორტები და შეწყვეტილია ლოგისტიკური და სატრანსპორტო კავშირები. რუსეთთან ვაჭრობა კი დასავლეთის სანქციების ფონზე შეფერხდა. 

ყველა ტიპის საქონელი: მათ შორის ენერგეტიკა, ლითონები და სოფლის მეურნეობის პროდუქტები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაძვირდა და მთელ მსოფლიოში ინფლაციური ზეწოლა გამოიწვია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, სურსათის ხარჯებმა უკვე მიაღწია ყველა დროის პიკურ მაჩვენებელს. ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება, რაც იმპორტიორთა პრობლემებს აღრმავებს. 

არასუბსიდირებული პურის ფასები იზრდება ეგვიპტეში, რომელიც მსოფლიოში ხორბლის წამყვანი იმპორტიორია. მთავრობა განიხილავს სუბსიდირებული პურის ხარჯების მოხსნას, რომელსაც მილიონობით მოქალაქე მოიხმარს.

ომი ასევე შეაფერხებს უკრაინაში გაზაფხულის კულტურების: სიმინდისა და მზესუმზირას დათესვას, რამაც შეიძლება შეაფერხოს ზამთრის მარცვლეულის მოსავლიანობა და გაახანგრძლივოს მიწოდების შოკს გლობალურ ბაზარზე.

საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსული ხორბლის იმპორტზე. ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის 99%, ხოლო ფქვილის 96% სწორედ რუსეთზე მოდის. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ახლო მომავალში საქართველოში პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეგან დურისინი და ჯეიმს პული