რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეექვსე დღეს დასავლეთი რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას განაგრძობს. მოსკოვი ყოველდღიურად ასობით მილიონ დოლარს აგროვებს საომარი მანქანის სუბსიდირებისთვის.
კიევი ამის შეჩერებას ითხოვს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ შაბათ-კვირას Twitter-ზე დაწერა: "რუსული გაზის და ნავთობის ყიდვა ახლა ნიშნავს უკრაინელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობის დაფინანსებას"
როგორც ყველა სხვა ქმედება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნაკლებად სავარაუდო ჩანდა, რუსულ ნავთობზე შეზღუდვა პოტენციურ ეკონომიკურ სასჯელად რჩება, რომელსაც სახიფათო სამხედრო პასუხის გამოწვევა შეუძლია.
რუსეთი დღეში დაახლოებით 8 მილიონი ბარელი ნავთობის, რაფინირებული ნავთობპროდუქტების და ნავთობის სხვა სითხეების ექსპორტს ახორციელებს. ქვეყნის მიწოდების დაახლოებით ორი მესამედი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ინდუსტრიულ ქვეყნებში მიდის.
გერმანია შიშობს, რომ ევროპას გაზაფხულამდე მისაღწევად საკმარისი გაზი არ ექნება. აშშ შიშობს, რომ ნავთობის ფასი შუალედური არჩევნების წინ ბარელზე $150 ან $200-ს მიაღწევს. ვაშინგტონსა და ბერლინში მესიჯი თითქმის ანონიმურია: რუსული გაზისა და ნავთობის სანქცირება დასავლეთს მეტად დააზიანებს, ვიდრე მოსკოვს და სავარაუდოდ, ვერც ვლადიმერ პუტინს შეაკავებს. ჯონ არნოლდმა, ცნობილმა სასაქონლო მოვაჭრემ აზროვნების ეს სკოლა ასე შეაფასა:"რამდენადაც მსოფლიო პუტინზე გაბრაზებულია, დასავლეთს ამ ფასის გადახდა არ უნდა"
ენერგეტიკული სტატუს-კვო სამუდამოდ, სავარაუდოდ, ვერ გაგრძელდება. თუ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სწრაფ შედეგს არ გამოიღებს შემზარავი ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც აუცილებლად მოჰყვება რუსეთის ქმედებებს, გაამკაცრებს დასავლურ საზოგადოებრივ აზრს. თუ ომი გაგრძელდება, ენერგო ვაჭრობის სანქცირება მხოლოდ დროის საკითხი გახდება.
ორშაბათს კანადა G7-ის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესა. პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შემოიტანს რუსულ ნედლ ნავთობს, რაც მეტწილად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან კანადა რუსული ნავთობის მხოლოდ მცირე იმპორტს ახორციელებს.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსულ ნავთობის ნახევარს სანქციები ან კორპორაციული გადაწყვეტილებები დაარტყამს, IEA-ს საგანგებო რეზერვს დღეში 5 მილიონი ბარელის შეფერხების ათვისება რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა შეეძლოს. მაგრამ დასავლეთი უსასრულო შეფერხებას სასრული მარაგით შეხვდება, შედეგად ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თუმცა, საბოლოო ჯამში ნავთობზე შეზღუდვების გამოყენების უდიდესი რისკი სამხედროა და არა ეკონომიკური. ამჟამინდელი ფასებით, რუსეთი დღეში $1 მილიარდს შოულობს ნავთობისა და გაზის ექსპორტით, რისი შეწყვეტაც რეჟიმის ეკონომიკურ მოკვეთას უდრის. პუტინმა უკვე გაზარდა ბირთვული განგაშის დონე, ნავთობისა და გაზის გამოყენებით, ის სავარაუდოდ კიდევ უფრო ამაღლდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ხავიერ ბლასი