ევროკავშირს შეუძლია შემდეგ ზამთარს რუსული გაზის იმპორტის გარეშე შეხვდეს, თანაც ისე, რომ თავიდან აირიდოს ეკონომიკური ზარალი - აჩვენებს ბელგიური ორგანიზაციის, Bruegel-ის კვლევა.
27 სახელმწიფოსგან შემდგარ ბლოკს მოთხოვნის 10-15%-იანი შეკვეცა მოუწევს, თუკი რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ევროპისთვის რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყანაა.
კვლევის თანახმადვე, თუ რუსული ნავთობგიგანტი Gazprom, რომლის აქციებზე ფასი ამ დროისთვის მკვეთრად არის დაცემული, გააგრძელებს გრძელვადიანი კონტრაქტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას, ევროპას მარტივად შეუძლია შეავსოს ამოწურული მარაგები მომავალ ზამთრის სეზონამდე.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და გაააქტიურა მოწოდებები რუსული ენერგომატარებლების შესყიდვის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მიწოდების შეწყვეტის რისკებს ევროკავშირის ენერგომინისტრები დღეს ბრიუსელში დაგეგმილ საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ.
"რუსეთის უკრაინაში შეჭრა წყალგამყოფი მომენტია ევროკავშირისთვის, რომელიც ცვლის ბლოკის ენერგეტიკულ რუკას. ჩვენი ძირითადი გზავნილი აქ ცხადია: თუ ევროკავშირი იძულებულია ან მზადაა გაუმკლავდეს ხარჯს, მაშინ რუსული გაზის ჩანაცვლება მომავალი ზამთრისთვის შესაძლებელი იქნება ისე, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ დაზარალდეს," განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, სიმონ ტალიაპიეტრამ.
ამ დროისთვის, ყველაზე სწრაფად დასაძლევი გამოწვევა ევროპისთვის მარაგის შევსებაა. მართალია, ევროპას შეუძლია გაზარდოს იმპორტი გათხევადებული ნატურალური გაზის შემოტანით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა ეს უფრო ძვირი დაჯდება. მარაგების საშუალო დონემდე შევსება შესაძლოა 70 მილიარდ ევრომდე დაჯდეს, მაშინ როცა გასულ წლებში 10 მილიარდი ჯდებოდა.
ამ ფონზე, ზაფხულის განმავლობაში გაზის ღირებულება შედარებით დაბალ ნიშნულზე იქნება, თუმცა კომპანიებს არ ექნებათ სურვილი შეავსონ რეზერვები მთავრობის მხრიდან რისკის გაზიარების მექანიზმების დანერგვის გარეშე.
"მოსამზადებლად საჭიროა მარაგების შევსება დღესვე დაიწყოს, თუმცა კომერციულ ოპერატორებს შესაძლოა არ უღირდეთ გაზის მიმდინარე ფასად შესყიდვა, ელიან რა, რომ Gazprom-მა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დააგდოს ფასი ბაზარზე მიწოდების გაზრდით," ამბობს Bruegel-ის კვლევის თანაავტორი, გეორგ ზახმანი.
ევროპულ ბაზარზე გაზის ფასი გასულ კვირას გაიზარდა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების და რუსეთის მიმართ დაწესებული დასავლური სანქციების ფონზე. პარალელურად. მიმდინარე კვირის დასაწყისისთვის ფიუჩერსებზე ფასი 36%-ით არის გაზრდილი.
მკვლევარების თანახმად, კრიზისული სცენარები განსხვავებულია. რუსული გაზის გარეშე ფონს გასასვლელად, ევროკავშირს მთელი რიგი რეგულაციების გადახედვა დასჭირდება, ასევე დიდი თანხების მოკლე ვადაში დახარჯვა და რთული გადაწყვეტილებების მიღება იმ რეალობის მიღებით, რომ არაერთ შემთხვევაში საკმარისი დრო არ ექნება საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად.
ბელგიური ორგანიზაციის კვლევა დროში ემთხვევა მომენტს, როცა ევროკომისია სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, თუ როგორ გაზარდოს ბლოკის ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე. ევროკავშირის აღმასრულებელმა გუნდმა უკვე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ე.წ. მწვანე შეთანხმების განხორციელების დაჩქარება და მწვანე ენერგიაზე გადასვლა იქნება. არსებული გეგმით, კლიმატის მიმართ ნეიტრალურ სტატუსს გაერთიანებამ 2050 წლისთვის უნდა მიაღწიოს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ევა კრუკოვსკა