მთელი ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო, სარაკეტო და ქვეითი დანაყოფები იერიშს ახორციელებდნენ საკვანძო უკრაინულ ქალაქებზე. გამთენიისას სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა დედაქალაქ კიევზე. უკრაინულმა ძალებმა ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ ხერსონის მისადგომებთან, სუმში, ალყაშია მოქცეული ქალაქი კონოტოპი. თუმცა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული დესანტი, რომელიც ბელარუსის საზღვრიდან კიევის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მათ არ მისცეს სტრატეგიული მნიშვნელობის გოსტომელის აეროდრომის დაკავებისა და ქალაქ ხერსონის აღების საშუალებაც.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, “დღეს ყველაზე მძიმე დღე იქნება”. მისი ინფორმაციით, რუსეთის ჯარი ივანოვკისა და ჩერნიგოვის გავლით დედაქალაქამდე მიღწევას შეეცდება, თუმცა “კიევის მცველები მზადყოფნაში არიან”.
გამთენიისას მოსახლეობას მიმართა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ნომერ პირველი სამიზნე თავად არის, ხოლო ნომერ მეორე - მისი ოჯახი, თუმცა ზელესნკი კიევის დატოვებას არ აპირებს.
“დღეს ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს - გუშინდელივით. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვადევნებენ თვალს. დაარწმუნა გუშინდელმა სანქციებმა რუსეთი? ჩვენ გვესმის, ვხედავთ ცაში და ჩვენს მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ იყო”,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.