იმ ფონზე, როცა რუსულ არმიას უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში მიაქვს, ნედლეულით მოვაჭრეები გლობალურად შფოთავენ ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც ევროპისთვის გაზის, მარცვლეულის და მეტალის მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილია.
მოსკოვმა დაადასტურა, რომ მისი სამიზნე ქვეყნის სამხედრო ობიექტებია და უკრაინაზე იერიში ხუთი რეგიონიდან მიიტანა, მათ შორის არის სამხრეთით ყირიმიდან და ჩრდილოეთით ბელარუსიდან.
დონეცკის რეგიონში მდებარეობს პორტი, რომელიც მარცვლეულის და მეტალის მარაგების გადაზიდვას ემსახურება. რუსეთის საზღვრიდან მოშორებით მდებარეობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტერმინალები, რომლებიც ნედლეულზე მსოფლიო მოთხოვნას აკმაყოფილებენ. უკრაინის გავლით ევროპას გაზის მნიშვნელოვანი მოცულობები მიეწოდება.
ამ მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერი ტიპის შეფერხება ევროპას პრობლემას შეუქმნის იმ ფონზე, როცა ფასები ნედლეულზე ისედაც რეკორდულად გაზრდილია. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ინფლაციას გლობალურად.
გაზსადენები, რომლებიც უკრაინაზე გადის / წყარო: The Oxford Institute for Energy Studies
ენერგომატარებლები
უკრაინას გაზის ტრანსპორტირების მასშტაბური ქსელი აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდშია აგებული იმისთვის, რომ ენერგომატარებლები მიაწოდოს ევროპას ციმბირის საბადოებიდან. რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მილიარდები დახარჯა ახალი ქსელების ასაგებად იმ მიზნით, რომ უკრაინისთვის აევლო გვერდი, თუმცა ქვეყანა მაინც სტრატეგიულ პოზიციას ინარჩუნებს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში.
გაზი უკრაინაში სუდჟას და სოხრანოვკას კომპრესორი სადგურების გავლით შედის, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებთან ახლოს არის განლაგებული. რუსული გაზი შემდგომ სვლას აგრძელებს უკრაინის გაზსადენებში და ევროპამდე ჩადის რამდენიმე ქვეყნის გავლით, მათ შორის სლოვაკეთის. საერთო ჯამში რუსული გაზის დაახლოებით მესამედი ევროპას სწორედ უკრაინის გავლით მიეწოდება.
უკრაინის მილსადენებს ევროპამდე რუსული ნავთობის ნაწილიც ჩააქვს. ელექტრო ენერგიის ნაწილში, უმსხვილეს უკრაინულ ენერგო კომპანიას DTEK-ს რამდენიმე სადგური აქვს დონეცკის და ლუგანსკის უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილში.
საკვები
უკრაინა მდიდარია ნაყოფიერი მიწებით, რამაც ქვეყანა მსოფლიოში მარცვლეულის რიგით მეორე უმსხვილეს მიმწოდებლად აქცია. სიმინდის ყანები კონცენტრირებულია ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, ხორბალი და ქერი - სამხრეთ ნაწილში, ხოლო მზესუმზირა - აღმოსავლეთში. აქ მოწეული ნედლეული უკრაინული პორტებიდან აზიაში, აფრიკაში და ევროპაში მიემართება.
უკრაინის ძირითადი პორტები აზოვის ზღვაშია განლაგებული, რომელიც შავ ზღვას იმ სრუტით უკავშირდება, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს შორის გადის. სამხრეთაღმოსავლეთით, ოდესის, პივდენის, მიკოლაევის, ჩერნომორსკის პორტები უკრაინის საექსპორტო მარცვლეულის დაახლოებით 80%-ს ემსახურებიან.
მარაგების დაახლოებით 5%-ს ემსახურება აზოვის ზღვის პორტები - მარიუპოლი, რომელიც დონეცკის კიევის მიერ კონტროლირებად ნაწილშია და ბერდიანსკი. თავად აზოვის ზღვა უკრაინისთვის და რუსეთისთვის საზიაროა.
უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვები / წყარო: UkrAgroConsult (ექსპორტის მოცულობა 2020-21 სეზონზე)
რკინა და მეტალი
უკრაინული მეტალი ევროპის საიმპორტო ათეულშია და მიწოდების ნებისმიერი შეფერხება კონტინენტზე ფასების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, მაშინ როცა მეტალების ღირებულება შარშან უკვე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე.
უკრაინაში ერთ-ერთი ძირითადი მწარმოებელი Metinvest BV-ია, რომელსაც ქარხნები ქვეყნის ინდუსტრიულ ნაწილში აქვს, აღმოსავლეთით, მათ შორის საბადოები მდინარე დნეპრთან, ხოლო ძირითადი გადამუშავება მარიუპოლში. კომპანიამ უკვე განიცადა მნიშვნელოვანი ზარალი დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, როცა ამ პროვინციების ნაწილი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მიიტაცეს.
ArcelorMittal და Metinvest უკრაინაში შავი ლითონების ძირითადი მწარმოებლები არიან
გარდა ამისა, ევროპული ArcelorMittal უკრაინის უმსხვილეს ლითონის მწარმოებელ ქარხანას ფლობს კრივი რიჰში. Ferrexpo რკინის სიდიდით მესამე მწარმოებელია მსოფლიოში და მას ყველა აქტივობა უკრაინაში აქვს, კიევიდან დაახლოებით 350 კილომეტრის მოშორებით. უნაკერო მილების მწარმოებელი Interpipe კი ქარხანას ქვეყნის აღმოსავლეთით, დნიპროს რეგიონში ფლობს.
უკრაინაში წარმოებული შავი ლითონების დაახლოებით 60% ექსპორტზე საზღვაო პორტებით გადის. აქედან მეხუთედი მარიუპოლის პორტით.