LIVE

ჯონსონი: გაერთიანებული სამეფოს სანქციები რუსეთს მწარედ დაარტყამს

22 თებ 202213:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 743
ჯონსონი: გაერთიანებული სამეფოს სანქციები რუსეთს მწარედ დაარტყამს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას მწვავე სანქციებით უპასუხებს.

"ეჭვგარეშეა, რომ თუ რუსულ კომპანიებს დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ბაზრებზე  კაპიტალის მოზიდვაში ხელი შეეშლებათ, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ რუსი მესაკუთრეების კომპანიებს და ქონებას ნიღაბს ჩამოვხსნით, ეს მტკივნეული იქნება",- თქვა ჯონსონმა. 

ჯონსონის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა თავი უნდა აარიდოს რუსულ ნავთობსა და გაზს, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, ევროპაში გაზის ფასების მერყეობა შედეგია წარუმატებლობის, რომელიც ევროპამ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს განიცადა. 

"ჩვენ შევძელით არსებითად შეგვემცირებინა რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ახლა ჩვენი გაზის მხოლოდ 3% მოდის რუსეთიდან",- თქვა ჯონსონმა. 

ჯონსონი ამბობს, რომ გაერთიანებული სამეფო გეგმავს გაზის რეზერვების ლიცენზიების გაცემას, მაგრამ ასევე დაბალი შემცველობის ნახშირბადის ენერგიაზე, მათ შორის ბირთვულ ენერგიაზე გადასვლას. 

”რაც უფრო სწრაფად იქნება ქვეყანა საკუთარ ენერგიაზე უფრო მეტად დამოკიდებული, მით უფრო აყვავებულები ვიქნებით, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, უფრო მდგრადი იქნება ჩვენი ენერგიის ფასი და ეს სარგებელს მოუტანს გაერთიანებული სამეფოს მომხმარებელს",- თქვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა. 

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა უკვე დაწყებულია.