როდესაც Twitterის ხელმძღვანელმა პარაგ აგრავალმა განაცხადა, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ “რამდენიმე კვირით” დაისვენებს, მამობის შვებულების გარშემო არსებული ტაბუს დარღვევისთვის შეაქეს. სხვებმა თქვეს, რომ მისი გეგმები საკმარისად შორსმიმავალი არ არის.
შვებულების დროს აგრავალი "გეგმავს ყოველთვის დაუკავშირდეს აღმასრულებელ გუნდს, რაც საუკეთესოა მისთვის, მისი მეუღლისა და კომპანიისთვის", - განაცხადა ლორა ჯაგერმანმა, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანიის სპიკერმა.
Reddit-ის თანადამფუძნებელმა, ალექსის ოგანიანმა აგრავალს მოუწოდა, “ისარგებლოს მისთვის საჭირო დროით”. სხვებმა აღნიშნეს, რომ მეტი დროის გატარებით, აგრავალს შეეძლო დაერწმუნებინა თანამშრომლები, რომ მათთვის უსაფრთხო იყო იმავეს გაკეთება.
“შეგიძლიათ გაანაწილოთ მშობლის შვებულება. მაგალითად, გაატაროთ რამდენიმე კვირა სახლში, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად არის, შემდეგ ყოველ პარასკევს დაისვენოთ, რომ გამოიყენოთ დანარჩენი შვებულება”, - წერს ოგანიანი.
მისი სარისკო კაპიტალის ფირმა, Initialized, ამჟამად თავის თანამშრომლებს ოთხთვიან მშობლის შვებულებას სთავაზობს. 2021 წლის ოქტომბერში, თანადამფუძნებელმა ჰარი ტანმა ოთხივე თვით ისარგებლა “იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო, რომ Initialized-ში ყველა გრძნობს, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება”.
კალიფორნიის კანონი დამსაქმებლებს ავალდებულებს, შესთავაზონ კვალიფიციურ მუშაკებს 12 კვირამდე ანაზღაურებადი მშობლის შვებულება. სხვა სახელმწიფო დებულებები უზრუნველყოფს ექვს კვირამდე ანაზღაურებად შვებულებას ზოგიერთი თანამშრომლისთვის.
არ არსებობს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებისთვის ფედერალური მინიმალური ოდენობა, თუმცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიტანა 12 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება Build Back Better-ის გეგმის ადრეულ პროექტში. მოგვიანებით ეს რიცხვი ოთხ კვირამდე შემცირდა. დასაქმებულების მხოლოდ 23%-ს აქვს წვდომა მშობლის ანაზღაურებად შვებულებაზე, იქნება ეს დამსაქმებლების თუ სამთავრობო პროგრამების მეშვეობით. 10 მამაკაციდან ცხრა იღებს მშობლის შვებულებას ბავშვის დაბადების ან შვილად აყვანის შემდეგ.
გასული წლის ანგარიშში, აშშ-ის აღწერის ბიურომ დაადგინა, რომ მამაკაცების 33%-მა ანაზღაურებადი მშობლის შვებულება მშობიარობიდან პირველი 12 კვირის განმავლობაში მიიღო, ქალების შემთხვევაში მაჩვენებელი 45%-ს შეადგენს. მამაკაცები ქალებთან შედარებით ნაკლებად იღებდნენ მშობლის შვებულებას, მაგრამ უფრო ხშირად იყენებდნენ ანაზღაურებად შვებულებას, როგორც მშობლის შვებულების ფორმას.
აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა, პიტ ბუტიჯიგმა შვებულება ტყუპებთან დაახლოების მიზნით აიღო. იმავდროულად, Meta Platforms-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ქალიშვილების გაჩენის შემდეგ 2015 და 2017 წლებში ანაზღაურებადი შვებულება აიღო.
ანაზღაურებადი მამობის შვებულება ჯერ კიდევ სტიგმატიზებული თემაა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელა ცერონი