LIVE

რატომ არის Covid-19-ის ახალი შტამები საგანგაშო

21 იან 202120:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 603
რატომ არის Covid-19-ის ახალი შტამები საგანგაშო

ვირუსები ყოველთვის განიცდიან მუტაციას, მათ შორის, კორონავირუსიც. ცვლილებების უმეტესობა უმნიშვნელოა, მაგრამ ბოლო დროს გაერთიანებულ სამეფოში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში აღმოჩენილი შტამები, განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს.

როგორც ჩანს, ახალი შტამები უფრო მომაკვდინებელი არ არის, მაგრამ, კვლევების თანახმად, უფრო გადამდებია. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. მკვლევართა ნაწილი მწარმოებლებს აფრთხილებს, რომ ეფექტიანობის შესანარჩუნებლად შესაძლოა ვაქცინის განახლება გახდეს საჭირო.

რამდენად სერიოზულია პრობლემა:

წინასწარი ანალიზის თანახმად, ახალი ვერსიები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა ცირკულირებადი SARS-CoV-2 შტამები. სამხრეთ აფრიკის გენეტიკურმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი შტამი 50%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის საწყისი შტამები. Covid-19 სწრაფად იცვლება, რაც მეცნიერებს მის კვლევაში პრობლემებს უქმნის.

რა განაპირობებს გავრცელების სისწრაფეს:

31 დეკემბერს ლონდონის საიმპერიო კოლეჯმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად,  დადგინდა „მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი“ მტკიცებულება, რომ ვირუსის B.1.1.7 შტამი 20 წლამდე ასაკის მოზარდებში უფრო ვრცელდება, ვიდრე საწყისი შტამები, თუმცა ამის მიზეზი გარემოებებზე დამოკიდებული შეიძლება იყოს. დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის 641 შემთხვევის ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანებს, ვისაც ახალი შტამი დაუფიქსირდათ, კორონავირუსის კონცენტრაცია 10-100-ჯერ მეტი აქვთ  ცხვირში, ვიდრე აქამდე ცნობილ SARS-CoV-2-ის შტამების შემთხვევაში. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას გადაცემის მაღალი სისწრაფე.

რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი შტამი:

ძალიან სწრაფად. ახალი შტამები ბევრ ქვეყანაში დომინანტური შტამებად იქცნენ, რასაც ხელი შვებულებამ და გაზრდილმა სოციალურმა აქტიურობამ შეუწყო. იანვრის დასაწყისისთვის B.1.1.7 ახალი ვარიანტი 50-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, იტალიაში, იაპონიაში, ლიბანში, ნიდერლანდებში, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში. 501Y.V2 ვარიანტმა, რომელიც პირველად აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, გამოიწვია შემთხვევების მკვეთრი ზრდა აფრიკის სამხრეთით ცხრა ქვეყანაში, აგრეთვე სეიშელის კუნძულებსა და მავრიტანიაში. იანვრის შუა რიცხვებში უკვე დანიაში დაფიქსირდა ამ შტამით ინფიცირების შემთხვევა.

ვირუსის რამდენი მუტირებული ვერსია არსებობს:

2019 წელს, ვირუსის გამოჩენიდან დღემდე SARS-CoV-2 გენომში მოხდა მრავალი ათასი მუტაცია. D614G შტამი გამოჩნდა 2020 წლის დასაწყისში. ივნისისთვის მან მუტაცია განიცადა და გახდა გლობალურად მოცირკულირე ვირუსის დომინანტური ფორმა.

არსებობს თუ არა უფრო მნიშვნელოვანი მუტაციები:

დიახ. მეცნიერები ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევენ SARS-CoV-2-ის spike ცილის მაკოდირებელი გენის მუტაციებს, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ვირუსის უჯრედებში შეღწევის პროცესში.  ეს ცილა გავლენას ახდენს იმუნიტეტსა და ვაქცინის ეფექტიანობაზე. B.1.1.7, 501Y.V2 და P.1 ვარიანტები გავლენას ახდენენ ცილაზე. ეს ბადებს კითხვებს იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა ადამიანები, რომლებსაც აქვთ ანტისხეულები "რეგულარული" შტამის მიმართ, ებრძოლონ ახალ ვარიანტებს. ბრაზილიაში დაფიქსირდა გამოვლენილი Covid-19 პაციენტის P.1 ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა.

იქნება თუ არა ვაქცინა ეფექტიანი:

სამხრეთ აფრიკის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა შეისწავლა Covid-19-ით ინფიცირებული 44 პაციენტის სისხლის ნიმუში იმის დასადგენად, შეეძლოთ თუ არა მათ ანტისხეულებს ახალ შტამთან ბრძოლა. ჯგუფი მცირე იყო, მაგრამ საგანგაშოა, რომ ტესტირებულთა ნიმუშების ნახევარში განეიტრალების უნარი დაკარგული იყო. ეს ნიშნავს, რომ ანტისხეულების მქონე ადამიანები არ არიან დაცულები. როკფელერის უნივერსიტეტის ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ B.1.1.7, 501Y.V2 და P.1 შეიძლება შეამცირონ Moderna და Pfizer-BioNTech ვაქცინების ეფექტურობა, ნათქვამია 19 იანვარს გამოქვეყნებულ კვლევაში, თუმცა მის შედეგებს მეცნიერები ჯერ კიდევ აანალიზებენ.

რა სირთულეებს ქმნის მუტაცია:

ხშირ მუტაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს მკურნალობასა და დიაგნოზის დასმაზე. სამხრეთ აფრიკის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულების ზოგიერთი თერაპია, მათ შორის Regeneron Pharmaceuticals-ის გადაუდებელი გამოყენების პროდუქტი აშშ-ში, შეიძლება არაეფექტიანი იყოს 501Y.V2 ვარიანტის მიმართ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადეს, რომ ახალმა შტამებმა შეიძლება მინიმუმამდე შეამციროს PCR ტესტების ეფექტურობა. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, გავლენა, სავარაუდოდ, არ იქნება მნიშვნელოვანი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი