LIVE

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარის ნაწილი გაჰყავს

15 თებ 202212:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 1382
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარის ნაწილი გაჰყავს

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარის ნაწილი გაჰყავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვარზე განლაგებული ჯარისკაცების ნაწილი წვრთნების დასრულების შემდეგ თავის ბაზებს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Interfax-ი ავრცელებს. 

მისივე თქმით, საბრძოლო მომზადების წვრთნების ნაწილი გეგმის მიხედვით ჩატარდა, ნაწილი კი გრძელდება. ფართომასშტაბიან სწავლებაში თითქმის ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო სადესანტო ძალები მონაწილეობენ.

თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის თქმით, სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი მისიები,  სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით საკუთარ გარნიზონებში დაბრუნება უკვე დაიწყეს.

რეგიონში კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სწავლების - რუსეთ-ბელარუსის სამხედრო ძალების ერთობლივი წვრთნის დასრულება კი 20 თებერვალს იგეგმება.

გუშინ პენტაგონმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალას აძლიერებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პუტინს დაუდასტურა, რომ ქვეყნის ზოგიერთი სამხედრო წვრთნები უკრაინის საზღვართან უკვე დასრულებულია, ზოგი კი დასასრულს უახლოვდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ამერიკული ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთი შესაძლოა, უკრაინას თავს 16 თებერვალს დაესხას. 

დღეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოსალოდნელია და შეიძლება, გარდაუვალიც იყოს. ეს საფრთხეს შეუქმნის მთლიანად ევროპის სტაბილურობას. მისი თქმით, სანამ რუსეთი ჯარს საზღვრიდან სრულად არ გაიყვანს, საფრთხე არსებობს. 

იმავეს ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც.

"ჩვენ გვაქვს წესი: არ დაიჯეროთ ის, რაც გესმით, დაიჯერეთ ის, რასაც ხედავთ. როდესაც დავინახავთ გაყვანას, დეესკალაციაში დავრწმუნდებით", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მან უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაამაგრა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას შეფასებით, ჯარის ნაწილის გაყვანის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები შერცხვენილები არიან. 

"2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დღე, როდესაც დასავლური ომის პროპაგანდამ კრახი განიცადა. ისინი შერცხვნენ და განადგურდნენ გასროლის გარეშე", - წერს მარია ზახაროვამ Telegram-ზე. 

სიახლის შემდეგ, რუსული რუბლი გამყარდა დოლართან და ევროსთან მიმართებით. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია