რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე დასავლეთის ქვეყნებთან შეთანხმების შანსები ჯერ კიდევ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას ekhokavkaza.com ავრცელებს.
"შეთანხმების შანსები არსებობს",- თქვა ლავროვმა პუტინის პირდაპირ კითხვაზე, არის თუ არა ასეთი შანსები, ან სურს თუ არა დასავლეთს რუსეთის გაუთავებელ მოლაპარაკებებში ჩათრევა.
ლავროვის თქმით, მოსკოვის მოთხოვნების უმეტესობაზე რუსეთმა აშშ-დან და ნატოდან უარყოფითი პასუხი მიიღო, მაგრამ პუტინის ბოლო შეხვედრები და საუბრები უცხოელ ლიდერებთან ცხადყოფს, რომ შეთანხმებების ყველა შესაძლებლობა ამოწურული არ არის.
პუტინი ცოტა ხნის წინ შეხვდა საფრანგეთისა და უნგრეთის ლიდერებს. ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. ხვალ გერმანიის კანცლერი მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ლავროვის თქმით, დასავლეთმა შეიარაღების კონტროლის, რაკეტების განლაგებისა და ნდობის აღდგენის ზომებზე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ამასთან, ლავროვმა წუხილი გამოთქვა, რომ ნატოს ქვეყნები არ არიან მზად უარი თქვან უკრაინის გაერთიანებაში მიწვევაზე და დააკმაყოფილონ რუსეთის სხვა მოთხოვნები. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დეპარტამენტმა აშშ-სა და ნატოს საპირისპირო წინადადებებზე პასუხის პროექტი მოამზადა.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ლავროვს დასავლეთთან კონსულტაციების გაგრძელება დაავალა.
რუსეთი დასავლეთისგან მოითხოვს იურიდიული ძალის მქონე უსაფრთხოების გარანტიებს - აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარებისა და შეიარაღების გაყვანას და დაპირებას, რომ უკრაინა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ნატოში არასოდეს მოხვდებიან.
პუტინი-ლავროვის შეხვედრის დასაწყისი რუსულმა ტელევიზიამ აჩვენა და საზოგადოების ყურადღება კვლავ უჩვეულო დისტანციამ მიიპყრო. გამოცემა წერს, რომ როგორც ჩანს, პუტინთან ახლოს მისვლისგან თავის შეკავება გამოწვეულია რუსეთის პრეზიდენტის კორონავირუსით დაინფიცირების შიშით.
გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს, ახლოს მისვლის უფლება Covid-19-ის ტესტის ადგილზე ჩატარებაზე უარის თქმის გამო არ მისცეს.