ნიუ-იორკში საჯარო სექტორში დასაქმებულ 4000 თანამშრომელს სამუშაოს დაკარგვის საფრთხე ემუქრება. მათ შორისაა, დაახლოებით 3000 მუშაკი, რომელმაც ვაქცინაციის ნაცვლად, ანაზღაურებადი შვებულება აიღო და ასევე, 1000 დაქირავებული, რომლებმაც ვაქცინის მე-2 დოზის გაკეთების დოკუმენტი არ წარადგინა.
ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის განცხადებით, წესების დაუმორჩილებლობით მათ არჩევანი სამსახურის დატოვების სასარგებლოდ გააკეთეს.
აცრის მოთხოვნით, აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ გაზარდონ ვაქცინაციის 64%-იანი მაჩვენებელი. ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველა ფედერალურ მუშაკის აცრა მოითხოვა, მაგრამ მოსამართლემ ეს წესი გასულ თვეს დაბლოკა. სხვა დიდმა ქალაქებმა ასევე მოითხოვეს თანამშრომლების ვაქცინაცია, მათ შორისაა ჩიკაგო და სან დიეგო.
ნიუ-იორკში საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოდ ქალაქის ყოფილმა მერმა გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. ახალმა მერმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ წესის გაუქმებას არ აპირებდა.
ნიუ-იორკის ქალაქის 370 000 მუშაკის დაახლოებით 95% მინიმუმ ერთი დოზით აცრილია. პოლიციის განყოფილების თანამშრომლების 89% მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინით აიცრა, ხოლო განათლების დეპარტამენტის ერთჯერადი ვაქცინაციის მაჩვენებელი 96%-ია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალისია დიასი