LIVE

კოვიდინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადა მცირდება - ვის შეეხება ცვლილება

10 თებ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1033
კოვიდინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადა მცირდება - ვის შეეხება ცვლილება

კორონავირუსით ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადა მცირდება. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა, დადასტურებიდან 6 დღე იქნება. დანარჩენებისთვის კი - 7. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში იზოლაციის ვადად კვლავ 10 დღე განისაზღვრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 დღიანი იზოლაცია შეეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებულები არიან:

• სამედიცინო დაწესებულებებში;

• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

• შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემებში;

• სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში;

• საქართველოს პროკურატურის სისტემაში;

• ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში;

„იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება“,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. 

იმ ასიმპტომურ ან მსუბუქ პაციენტებს, რომლებსაც 7 დღიანი იზოლაცია შეეხებათ, ტესტის უარყოფითი პასუხი არ მოეთხოვებათ. ამასთან, მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კი მათთვისაც სავალდებულოა.   

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მცირდება კარანტინის ვადაც. კერძოდ, COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვის, კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად, 5 დღით განისაზღვრა. ამასთან, მათ მომდევნო 6-12 დღის განმავლობაში ნიღბის ტარების მკაცრი რეკომენდაცია ეძლევათ. იგივე ვრცელდება, ბუსტერ დოზის არმქონე პირებისთვის, თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის აღნიშნული წესები ვრცელდება პირებზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60 დღიანი პერიოდი.