ველინგტონში, ახალი ზელანდიის პარლამენტის ტერიტორიაზე, პოლიციამ კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული 120 მომიტინგე დააკავა.
პოლიციის განცხადებით, მომიტინგეები არ დაემორჩილნენ მათ განმეორებით მოთხოვნას, დაეტოვებინათ ტერიტორია.
"პოლიცია დარჩება პარლამენტთან იქამდე, სანამ ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად",- აცხადებს სუპერინტენდენტი, კორი პარნელი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდენის განცხადებით, საპროტესტო აქციები დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ მომიტინგეებმა ხელი დანარჩენ მოსახლეობას არ უნდა შეუშალონ.
მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობასთან გამოსვლები განაგრძო. პოლიციამ მათ გარშემო კორდონი მოაწყო.
ვაქცინაციისა და კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ კანადაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებით შთაგონებული აქცია ახალი ზელანდიის დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 2000 კაცზე მეტი ველინგტონში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან ჩავიდა. კანადელების მსგავსად, მათ მოძრაობა სატვირთო მანქანებით შეაფერხეს. ხალხის ნაწილი ღამეს კარვებსა და უკანონოდ გაჩერებულ მანქანებში ათენებს.
12 წელზე უფროსი ასაკის ახალზელანდიელების 94%-ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული. ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს "ბუსტერ" დოზებით აცრა. ახალ ზელანდიაში ვაქცინაცია მოეთხოვება სხვადასხვა სექტორის თანამშრომლებს, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკებს, მასწავლებლებსა და პოლიციას. ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სავალდებულოა უმეტეს საზოგადოებრივ შენობებში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტრეისი უიზერსი