LIVE

როგორ ვაქციოთ Covid-19 ბოლო პანდემიად - ბილ გეითსი წიგნს წერს

09 თებ 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 956
როგორ ვაქციოთ Covid-19 ბოლო პანდემიად - ბილ გეითსი წიგნს წერს
Gates Notes

ბილ გეითსი, მილიარდერი ქველმოქმედი, რომლის ფონდი ორიენტირებულია Covid-19-თან ბრძოლის მცდელობებზე, 3 მაისს გეგმავს წიგნის გამოშვებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეს Covid-19 ბოლო გლობალურ პანდემიად.

“როდესაც ვხედავ Covid-ის მიერ გამოწვეულ ტანჯვას - ყოველ ჯერზე, როცა ვკითხულობ დაღუპულთა უახლეს რაოდენობას, ან მესმის ვინმეს შესახებ, ვინც სამსახური დაკარგა ან დახურულ სკოლასთან მანქანით მიდის - არ შემიძლია არ ვიფიქრო: ეს არ უნდა მოხდეს კიდევ ერთხელ“,- დაწერა მან ბლოგზე და გამოაქვეყნა წიგნის ანონსი - “როგორ ავიცილოთ თავიდან შემდეგი პანდემია“. 

წიგნი მოიცავს პანდემიისგან მიღებულ გაკვეთილებს, ასევე ინსტრუმენტებსა და ინოვაციებს, რომლებიც საჭიროა სიცოცხლის გადასარჩენად და პათოგენების ადრეული შეჩერებისთვის. იგი განიხილავს მილიარდერის შეხედულებებს ვაქცინების და იმის შესახებ, თუ რას გრძნობდა, როდესაც შეთქმულების თეორიების სამიზნე გახდა.

2021 წლის იანვარში Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ჩამოაყალიბა ამბიციური გეგმა შემდეგი პანდემიის დასასრულებლად, რომელიც მოითხოვდა გლობალური გაფრთხილების სისტემას, მასობრივ ტესტირებას, 3000 “პირველი რეაგირების” კადრის მომზადებასა და ათობით მილიარდი დოლარის წლიურ ხარჯს. 

გეითსის ფონდმა $2 მილიარდზე მეტი დახარჯა Covid-19-ის გავრცელების გლობალური რეაგირების დასაფინანსებლად. დაფინანსდა ჯგუფები, როგორიცაა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აფრიკული ცენტრები, რათა გაზრდილიყო ტესტირება სუბ-საჰარის აფრიკაში, ასევე ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციების კოალიციაში, რათა დახმარებოდნენ დაბალფასიანი ვაქცინების შემუშავებაში.

Seattle Flu Study-მ, ინიციატივამ, რომელიც დაფინანსებულია ბილ გეითსის კერძო ოფისის, Gates Ventures-ის მიერ, გამოავლინა აშშ-ში Covid-19-ის პირველი შემთხვევა, რომელიც არ იყო შემოტანილი საზღვარგარეთიდან.

ბილ გეითსი პანდემიის დროს კრიტიკის ქვეშ მოექცა, როდესაც შეამცირა ინტელექტუალური საკუთრების როლი განვითარებად ქვეყნებში ვაქცინების პრევენციაში. ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქტივისტები და კონსპირაციის თეორეტიკოსები თავს ესხმოდნენ ბიზნესმენს და ამბობდნენ, რომ გეითსმა ვირუსი საკუთარი მიზნებისთვის შექმნა.

ბილ გეითსის თქმით, ვაქცინების მიღწევები და რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს მომავალში კრიზისის თავიდან აცილებას. 

გარდა ამისა, Covid-მა მსოფლიოს წარუმატებლობის ფასი აჩვენა. “თუ ჩვენ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და მოვახდენთ სწორ ინვესტირებას, შეგვიძლია Covid-19 ბოლო პანდემიად ვაქციოთ”,- ამბობს ბილ გეითსი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დინა ბასი და სინტია კუნსი