LIVE

თურქეთი ინვესტორებს სტაბილურ ლირას ჰპირდება

09 თებ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 423
თურქეთი ინვესტორებს სტაბილურ ლირას ჰპირდება
Getty Images

თურქეთი ელის, რომ გასულ წელს დოლართან მიმართებით 44%-იანი გაუფასურების შემდეგ, ლირა არსებულ დონეზე დასტაბილურდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნურედინ ნებატიმ ლონდონში ანალიტიკოსებს და ინვესტორებს განუცხადა, რაც მინისტრის მხრიდან თურქული აქტივების მიმართ ინტერესის აღდგენის მცდელობაა.

მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ განხორციელებულმა ზომებმა ვალუტის მიმართ ნდობა აღადგინა.

ლირას გაუფასურება და ინფლაციის ზრდა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოთხოვნით, თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ სექტემბრიდან რეფინანსირების განაკვეთის 500 საბაზისო პუნქტით შემცირებას მოჰყვა. ერდოღანი, რომლის პოპულარობა პანდემიის დროს ეკონომიკური შენელების ფონზე დაეცა, ამტკიცებს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინფლაციას არ აფერხებს.

შეხვედრაში მონაწილე ადამიანების თქმით, ნებატიმ აღნიშნა, რომ უცხოელებს შეიძლება გაუჭირდეთ თურქეთის მაღალი ინფლაციის მიზეზის გაგება „კულტურული განსხვავებების“ გამო.

იანვარში თურქეთის ინფლაცია 48.7%-მდე დაჩქარდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლირა მიმდინარე წელს 2.4%-ით შესუსტდა. ამჟამად Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარის ღირებულება 13.6 ლირაა.

ცნობისთვის, ნებატი ფინანსთა მინისტრად დეკემბერში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი ლუთფი ელვანი ერდოღანმა თანამდებობიდან გადააყენა. ის ბერატ ალბაირაქის, ერდოღანის სიძის ახლო გარემოცვად ითვლება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კერიმ კარაკაია