LIVE

გერმანიის და საფრანგეთის მინისტრები: Facebook-ის გარეშეც კარგად ვართ

08 თებ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 990
გერმანიის და საფრანგეთის მინისტრები: Facebook-ის გარეშეც კარგად ვართ
Eric Piermont/AFP/Getty Images

ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის შესაძლო გათიშვას გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. 

"ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, ოთხი წელია Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე ვცხოვრობ და ცხოვრება ფანტასტიკურია",- უთხრა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ჟურნალისტებს გუშინ პარიზში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრთან ბრუნო ლე მაირთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ცხოვრება ძალიან კარგია Facebook-ის გარეშე და რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცხოვრებდით Facebook-ის გარეშე. ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპის კონტინენტი წინააღმდეგობას გაუწევს და დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს",- თქვა ლე მაირმა.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ევროკავშირი დიდი ბაზარია და ის ეკონომიკურ ძალაუფლებას ფლობს. "თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ერთიანად, მსგავსი რამ არ შეგვაშინებს",- თქვა ჰაბეკმა.

ლე მაირმა ჩამოთვალა ღონისძიებები, რომლითაც ევროპის მთავრობები ტექნიკურ გიგანტებს დაუპირისპირდნენ. მათ შორისაა კონფიდენციალურობის წესები, დაბეგვრა და ციფრული ვალუტების ბლოკირება. 

კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ მისი პლატფორმები: Facebook-ი და Instagram-ი შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს, რადგან მან ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას. 

მომხმარებლების მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული რეგულაციების მიხედვით, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: უილიამ ჰორობინი და ზოი შნეევისი