LIVE

შემთხვევების მატების მიუხედავად, პუტინი რეგულაციების შემსუბუქებას გეგმავს

04 თებ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1193
შემთხვევების მატების მიუხედავად, პუტინი რეგულაციების შემსუბუქებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და დაარწმუნა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების მატების ფონზე, "ლოკდაუნი" ან სხვა დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ განიხილება. მეტიც, რუსეთის მთავრობა ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ იზოლაციის გაუქმებას გეგმავს

არსებული რეგულაციებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები იზოლაციაში შვიდი დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ. 

"ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება მშვიდობიანად გააგრძელონ მუშაობა. ასე რომ, არანაირი ჩაკეტვა არ იგეგმება",- თქვა პუტინმა. 

პუტინის ეს განცხადება რუსეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდულ მაჩვენებელს ემთხვევა. სახელმწიფო კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის განცხადებით, გუშინ ქვეყანაში 155,768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული თვის საშუალო ყოველდღიურ მაჩვენებელზე 10-ჯერ მეტია. 

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის რეგიონების ნაწილმა შეზღუდვები 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის შემოიღო, რადგან ოფიციალური პირების განცხადებით, მიმდინარე ტალღა უფრო მეტად მოქმედებს ბავშვებზე. ბევრ რეგიონში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, ხოლო სტუდენტებისთვის გახანგრძლივებული არდადეგები დაწესდა. სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, არასრულწლოვანებს დროებით აეკრძალათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა.

რუსეთმა 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია მხოლოდ გასულ თვეში დაიწყო. მოზარდები იცრებიან Sputnik M ვაქცინით, რომელიც Sputnik V-ის მცირედოზიანი ვერსიაა. 

მედიის ინფორმაციით, მოზარდებისთვის ვაქცინა მხოლოდ მცირე რაოდენობითაა ხელმისაწვდომი. 

ამ დრომდე რუსეთის 146-მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ ნახევარია ვაქცინირებული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.