თურქეთში ინფლაცია 20-წლიან მაქსიმუმამდე დაჩქარდა, რაც ენერგეტიკის, საკვები პროდუქტების ფასების მატებითა და სუსტი ლირით არის გამოწვეული.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იანვარში ფასების საერთო დონე 48,69%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 11,1% შეადგინა.
ენერგეტიკის სექტორში ინფლაციის მაჩვენებელი დეკემბრის 42,93%-დან 76,38%-მდე გაიზარდა. იანვარში საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ფასის ისტორიული ზრდა დაფიქსირდა - 130%.
სურსათზე ფასების წლიური ზრდა, რომელიც სამომხმარებლო კალათის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, 55,61%-მდე დაჩქარდა.
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვნად, 39,45%-ით გაიზარდა.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა იანვარში განაკვეთები სტაბილურად შეინარჩუნა 2021 წლის ბოლოს 500 საბაზისო პუნქტით შემცირების შემდეგ. კლებამ გამოიწვია ლირას მკვეთრი გაუფასურება, რამაც დააჩქარა სამომხმარებლო ფასების ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ლირა წელს სტაბილურობას ინარჩუნებს, ადგილობრივმა ვალუტამ კვლავ დაკარგა ღირებულების დაახლოებით 35% დოლართან მიმართებაში სექტემბრის შემდეგ.
ცენტრალური ბანკი განაკვეთის დადგენის მიზნით მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს გამართავს.
იანვარში წლიური ინფლაცია 13,9%-ით განისაზღვრა საქართველოში და უკვე მეშვიდე თვეა ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბარიშ ბალჩი