LIVE

CNN-ის პრეზიდენტი თანამშრომელთან ურთიერთობის გაუმჟღავნებლობის გამო გადადგა

03 თებ 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 433
CNN-ის პრეზიდენტი თანამშრომელთან ურთიერთობის გაუმჟღავნებლობის გამო გადადგა
Mike Coppola/Getty Images

CNN-ის პრეზიდენტი ჯეფ ზაკერი თანამდებობიდან თანამშრომელთან ხანგრძლივი ურთიერთობის გაუმჟღავნებლობის გამო გადადგა.

ზაკერს ურთიერთობის შესახებ, CNN-ის წამყვანის, კრის კუომოს საქმის გამოძიების ფარგლებში ჰკითხეს. კუომო ცდილობდა დახმარებოდა ძმას, ნიუ-იორკის ყოფილ მერს, ენდრიუ კუომოს, რათა სექსუალური შევიწროების სკანდალიდან მარტივად გამოსულიყო და ამ მიზნით წყაროებზე გავლენას ახდენდა. კრის კუომო CNN-დან გასული წლის დეკემბერში სამუდამოდ დაითხოვეს. 

"ურთიერთობა ბოლო წლებში განვითარდა. მევალებოდა ის დასაწყისშივე გამემჟღავნებინა, მაგრამ მე ასე არ გავაკეთე. შევცდი", - ამბობს ზაკერი. 

მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალი ელისონ გოლუსტია, CNN-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და CNN-ის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი. ზაკერის მსგავსად, ისიც განქორწინებულია. გოლუსტი არხზე მუშაობას გააგრძელებს. 

"მე და ჯეფი 20 წელზე მეტია ახლო მეგობრები და საქმიანი პარტნიორები ვართ. ბოლო პერიოდში, კოვიდის დროს, ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა. ვნანობ, რომ ეს საჭირო დროს არ გავამჟღავნეთ. წარმოუდგენლად ვამაყობ CNN-ში გატარებული დროით და მოუთმენლად ველი იმ სამუშაოს გაგრძელებას, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ", ამბობს გოლუსტი. 

56 წლის ზაკერი ათწლეულების განმავლობაში იყო მთავარი მოთამაშე სატელევიზიო ინდუსტრიაში. მისი კარიერა 1992 წელს დაიწყო, როცა 26 წლის ასაკში NBC-ის შოუს "Today"-ს აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა. მოგვიანებით ის მართავდა NBCUniversal-ის სატელევიზიო ბიზნესს. CNN-ის პრეზიდენტი ის 2013 წელს გახდა. 

CNN-ს ზაკერის შემცვლელი ჯერ არ დაუსახელებია. 

ამჟამად CNN-სთვის მთავარი გამოწვევა რეიტინგის ვარდნასთან ბრძოლაა. არხი უახლოეს თვეებში ახალი სტრიმინგ სერვისის, CNN+-ის გაშვებას გეგმავს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: გერი სმიტი და კევინ მილერი