ინვესტორი ჯორჯ სოროსის თქმით, გასულ წელს უძრავი ქონების ბუმის დასრულების შემდეგ, ჩინეთი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.
მილიარდერმა Stanford University-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შესაძლოა ვერ აღადგინოს ნდობა პრობლემურ ინდუსტრიაში. დეველოპერების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისა და მიწისა და ბინების ფასების კლების გამო სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა.
სოროსი ბოლო წლებში სის და ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ცნობილი კრიტიკოსი გახდა. ლეგენდარულმა ინვესტორმა და Open Society Foundations-ის თავმჯდომარემ სექტემბერში განაცხადა, რომ BlackRock-მა ჩინეთში მეტი ბიზნესის კეთებით ტრაგიკულ შეცდომა დაუშვა. მან ასევე გააკრიტიკა პეკინი მისი პოლიტიკისა და კერძო ბიზნესზე ზეწოლის გამო.
ანალიტიკოსები დიდი ხანია შეშფოთებულნი არიან, რომ Evergrande-ის კოლაფსმა ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე შესაძლოა უფრო დიდი კრიზისი გამოიწვიოს, რაც დააზარალებს როგორც მესაკუთრეებს, ასევე ფინანსურ სისტემას. უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს შეადგენს.
გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკა 8,1%-ით გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება მთავრობის სამიზნე მაჩვენებელს. თუმცა, 2021 წლის ბოლო თვეებში ზრდის შესუსტება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი და პანდემიური კრიზისი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" ელოდება, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 4,8%-მდე შენელდება.