LIVE

პუტინის შეჩერება ნიშნავს დაარტყა ისე, რომ ეტკინოს - მოსაზრება

01 თებ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 4652
პუტინის შეჩერება ნიშნავს დაარტყა ისე, რომ ეტკინოს - მოსაზრება

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში როგორც ჩანს, გაძლიერდა. ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის მხარდასაჭერად ხომალდები და მოიერიშე თვითმფრინავები გააგზავნეს, ხოლო შეერთებულმა შტატებმა 8500 ჯარისკაცი მზადყოფნაში მოიყვანა და საელჩოს ამერიკელი პერსონალის ოჯახებს უკრაინის დატოვება უბრძანა. 

სიტუაცია დაძაბულია. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, შეჭრის შესაძლებლობა გამორიცხული კვლავ არ არის. თუ ეს მოხდება, უკრაინას დანარჩენი ევროპისა და ნატოს მხარდაჭერა დასჭირდება. უკრაინამ 2014 წლიდან ეტაპობრივად გაზარდა სამხედრო ხარჯები, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტში წილის მიხედვით, თითქმის უტოლდება რუსეთის ხარჯებს. 

თუმცა რუსეთი ინარჩუნებს ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ძალას მსოფლიოში და მას აქვს ყველა მნიშვნელოვანი უპირატესობა. აქტიური პერსონალის მიხედვით, რუსეთის არმია სიდიდით მსოფლიოში მეხუთეა. შედარებისთვის, უკრაინის არმია 22-ე ადგილზეა.

რუსეთის მთავარი მოთხოვნა NATO-ს გაფართოების შეჩერებაა. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს გარანტიები, რომ უკრაინას არასოდეს მიეცემა ალიანსში გაწევრიანების უფლება და მისი აღმოსავლეთ ევროპიდან გაყვანა მოითხოვა.

ეს, ბუნებრივია, მოკავშირეებისთვის მიუღებელია. საპასუხოდ, გაჩნდა NATO-ში კიდევ ორი ქვეყნის: შვედეთისა და ფინეთის გაერთიანების იდეა. მათი წევრობა პუტინისთვის ნათელს ხდის, რომ მას არ აქვს ვეტოს ბარათი, როდესაც საქმე დემოკრატიული ალიანსის გაფართოებას ეხება.

მედიაში გამოკვეთილი სურათით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია. მაგრამ რაც შეეხება განსხვავებულ სცენარს, რომელშიც დეესკალაცია უფრო სავარაუდოა?

2008 წელს პუტინმა საქართველოს ხაფანგი დაუგო, რათა პირველი დამღუპველი ნაბიჯი გადაედგა. ალბათ იმედოვნებდა, რომ მსგავს რამეს კიდევ ერთხელ მოახდენდა.

სამაგიეროდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმატებით შეცვალა ვითარება და დასავლეთს საშუალება მისცა, უკრაინისთვის მიეწოდებინათ იარაღი და  დარტყმა მიეყენებინათ რუსეთის აქციებისა და ვალუტისთვის. ახლა, როდესაც პუტინი არახელსაყრელ პოზიციაშია, მისთვის მოსახერხებელი იქნება დაელოდოს კრიზისს და, შესაბამისად, შეარყიოს აშშ-ის სანდოობა.

ერთ-ერთი თეორიით, შესაძლოა, პუტინმა შეგნებულად შექმნა კრიზისი, რომელშიც ყველაფერი შესაძლებელია ერთდროულად. ისევე, როგორც შრედინგერის კატა მკვდარიც არის და ცოცხალიც, პუტინი თავდასხმასა და თავდაუსხმელობას, ინფილტრაციასა და უკან დახევას შორის მუდმივ სუპერპოზიციაშია და მსოფლიოს ყურადღება მასზე გადააქვს. თუმცა ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. 

ამავდროულად დაძაბულობა სხვა მიმართულებითაც იმატებს. ევროპა გაზის  დაახლოებით 40%-ს რუსეთიდან იღებს და თუ ომი გამოიწვევს ყველა ამ მარაგის დაკარგვას, რეგიონი იძულებული გახდება მიიღოს დრაკონული ზომები. 

ანალიტიკოსების შეფასებით, გაზის მაღალი ფასები ახლა ტენდენციაა და არა ერთჯერადი მოვლენა. თუ ახლა შეერთებულ შტატებში თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობენ, უნდა გაითვალისწინონ: რუსეთს ასევე შეუძლია იმოქმედოს ნავთობის გლობალური ბაზრებზე, რაც პირდაპირ დააზარალებს ამერიკელებს. 

სადაა გამოსავალი? როგორც Bloomberg-ის სარედაქციო კოლეგია წერს,  დასავლეთის ყველაზე ძლიერი იარაღი ერთიანობაა. ევროპა ახლა არც ისე ერთიანად გამოიყურება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გერმანია „დიალოგითაა“ დაკავებული.

თუ დასავლეთი კოორდინირებული პასუხის გასაცემად საკმარისად დიდხანს გაერთიანდება, გამოწვევა იქნება პუტინის დასჯა იმ ენაზე, რომელიც მას ყველაზე კარგად ესმის – მისი საფულისა და მეგობრების მეშვეობით. 

ზოგი ამტკიცებს, რომ რუსეთის, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები სწორია, მაგრამ ისინი საკმარისი არ არის: „ერთადერთი მნიშვნელოვანი იარაღი არის თავდასხმა კრემლის განგსტერული წრის ქონებასა და ცხოვრების წესზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია ინვესტირებული“,- წერს ანალიტიკოსი მაქს ჰასტინგსი. 

2017 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის ოფშორული სიმდიდრე მშპ-ის 54,5%-ს შეადგენდა.

რუსეთის საფულემდე მისასვლელად ერთ-ერთი გზა იქნება მისი მოწყვეტა მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოებისგან, ანუ Swift-ისგან, რომელიც გამოიყენება საზღვრებს გარეთ ფულის გადასატანად ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დასარეგულირებლად. თუმცა შესაძლოა, საკმარისი არც ეს იყოს.

როგორც Pandora-სა და Panama Papers-ის ანგარიშებშია აღნიშნული, პუტინი თავის სიმდიდრეს და წილებს სახელმწიფო საწარმოებში ინახავს. ესაა ქსელები, რომლებსაც ოჯახის წევრები და ახლო მრჩევლები აკონტროლებენ.

იმისთვის, რომ პუტინმა ფინანსური ტკივილი იგრძნოს, დასავლეთს მოუწევს მისი ქსელების იდენტიფიცირება და რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე ანგარიშების გაყინვა.

ეს მკაცრი ნაბიჯია, თუმცა ღირს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლარა უილიამსი