LIVE

2021 წელს EBRD-მა საქართველოში €295 მილიონის ინვესტიცია განახორციელა

28 იან 202211:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 676
2021 წელს EBRD-მა საქართველოში €295 მილიონის ინვესტიცია განახორციელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021 წელს საქართველოს ეკონომიკაში 295 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციები განხორციელდა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე საფინანსო სექტორის და ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით.

როგორც EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ წელს ბანკის საქმიანობის ძირითადი ფოკუსი კვლავ კერძო სექტორი იყო, რაც საქართველოში დაგროვილი ინვესტიციების 79%-ს წარმოადგენს.

„EBRD-ის გუნდმა ძალზედ ნაყოფიერად იმუშავა და დაეხმარა კლიენტებს უფრო ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში Covid-19 პანდემიის ზეგავლენის პასუხად. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა ადგილობრივი პარტნიორი ბანკებისათვის დაფინანსების უზრუნველყოფას კერძო სექტორისთვის ქვესესხების გაცემისა და ვაჭრობის დაფინანსებისთვის. საბანკო სექტორისადმი ჩვენმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო კომპანიებისათვის დაფინანსებაზე წვდომას ევროკავშირის (EU) დამატებითი სტიმულირების გრანტებით საქართველოში. ჩვენ ასევე განვახორციელეთ ინვესტიცია ენერგეტიკულ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში“,- აღნიშნულია კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის კატარინა ბიორლინ ჰანსენის განცხადებაში.

გასულ წელს EBRD-მა 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა სახელმწიფო საწარმოს, საქართველოს რკინიგზის მიერ პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებაში.

EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის ფარგლებში, ბანკმა დააფინანსა თბილისის მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელის, ასევე მყარი ნარჩენების შემგროვებელი სატრანსპორტო პარკის მოდერნიზაცია ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. EBRD-მა განაგრძო ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისების განახლების მხარდაჭერა დამატებით თანამედროვე ავტობუსების შეძენის დაფინანსებით.

ბანკმა ასევე ხელი შეუწყო ეკონომიკურ მდგრადობას პარტნიორი ბანკების ლიკვიდურობის დაფინანსებით, სასიცოცხლო სავაჭრო ნაკადების შესანარჩუნებლად. მხოლოდ საქართველოში, EBRD-მა მხარი დაუჭირა 49.2 მილიონი ევროს ღირებულების ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციებს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ჩართული იყო სამი ადგილობრივი პარტნიორი ბანკი.