LIVE

რუსეთის ფლოტი შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს

26 იან 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1566
რუსეთის ფლოტი შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს
PAVEL REBROV/REUTERS

20-ზე მეტი გემითა და საბრძოლო ხომალდით რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახური ავრცელებს.

სწავლებაში ჩართულია საპატრულო ხომალდები, ფრეგატები, სარაკეტო ნავები და მცირე სარაკეტო ხომალდები, სადესანტო ხომალდები, ნაღმსაწინააღმდეგო და მცირე ზომის წყალქვეშა გემები. 

ეკიპაჟები ჩაატარებენ სწავლებას ინტენსიური ნავიგაციის მქონე ადგილებში უსაფრთხო მანევრირების, კომუნიკაციების ორგანიზებისა და ზღვაზე საჰაერო თავდაცვის ორგანიზების შესახებ.

შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში ფლოტების პასუხისმგებლობის ყველა სფეროში ტარდება საზღვაო წვრთნების დაგეგმილი სერია საზღვაო ძალების მთავარსარდლის, ადმირალ ნიკოლაი ევმენოვის ზედამხედველობით.

წვრთნების ძირითადი მიზანია საჰაერო კოსმოსური ძალების და საზღვაო ძალების მოქმედებების შემუშავება ოკეანეში რუსეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად და რუსეთის სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ.

წვრთნები მოიცავს რუსეთის ტერიტორიის მიმდებარე ზღვებს, ასევე მსოფლიო ოკეანის მნიშვნელოვან ტერიტორიებს. ცალკეული წვრთნები ჩატარდება ჩრდილოეთის, ხმელთაშუა და ოხოცკის ზღვებში, წყნარ და ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. წვრთნებში 140-ზე მეტი საბრძოლო გემის, 60-ზე მეტი თვითმფრინავის, 1000 ერთეული სამხედრო ტექნიკისა და დაახლოებით 10000 სამხედრო მოსამსახურის ჩართვა იგეგმება.

სამხედრო წვრთნების პარალელურად, უკიდურესად დაძაბული ვითარებაა უკრაინის საზღვარზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის ბრძანებას გასცემს.

ისტორიაში პირველად, რუსეთში 1 თებერვალს ძალაში შედის 2021 წლის სექტემბერში დამტკიცებული ბრძანება “ომის და მშვიდობის დროს ცხედრების სასწრაფო დაკრძალვის” შესახებ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება 1000 კაციანი ჯგუფური სამარხების მოწყობა.

შავი ზღვის რეგიონში თავდაცვის გასაძლიერებლად ნატოს ზოგიერთი წევრი, მათ შორის დანია, ესპანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები, უკვე გეგმავენ ან განიხილავენ აღმოსავლეთ ევროპაში გამანადგურებლებისა და ხომალდების გაგზავნას.

კიევს ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინა დიდმა ბრიტანეთმა და უკვე გაუგზავნა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. უკვე უკრაინაშია აშშ-ის სამხედრო დახმარება. რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო შვედეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ მზადყოფნას რეგიონებში, მათ შორის ბალტიის ზღვის კუნძულ გოთლანდზე.