LIVE

ბაიდენი პუტინს პერსონალური სანქციებით ემუქრება

26 იან 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1015
ბაიდენი პუტინს პერსონალური სანქციებით ემუქრება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის ბრძანებას გასცემს.

“დიახ”,- უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა პუტინი აშშ-ს სანქციების წინაშე დადგეს.

ჯო ბაიდენმა რუსეთის ჯარის მიერ უკრაინის საზღვრების პოტენციურ გადაკვეთას “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა” უწოდა, რომელიც “შეცვლის სამყაროს”. აშშ-ის ლიდერი პირობას დებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ნატოს აღმოსავლეთის ფრონტის გაძლიერებას შეეცდება.

აშშ იშვიათად აწესებს სანქციებს უშუალოდ სახელმწიფოს მეთაურების წინააღმდეგ, მაგრამ ბაიდენი იმუქრება ყველაზე მკაცრი ეკონომიკური ზომებით, რომლებსაც აშშ და მისი მოკავშირეები დააწესებენ, თუ ვლადიმერ პუტინი ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის ბრძანებას გასცემს.

კრემლი ინტერვენციის გეგმას უარყოფს, მაგრამ ნატოსგან ითხოვს დათმობებს, მათ შორის გარანტიას, რომ ალიანსი საქართველოსა და უკრაინას წევრებად არ მიიღებს და უარს იტყვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო იარაღის განთავსებაზე.

პოტენციური სანქციების სახეები და ფარგლები კვლავ გაურკვეველია. ევროკავშირის წევრები არ ეთანხმებიან შეერთებულ შტატებს იმის თაობაზე, თუ რამდენად ფართოდ უნდა დაარტყან რუსეთის ეკონომიკას. მაგალითად, გერმანიამ მოითხოვა ენერგეტიკის სექტორის გათავისუფლება, თუკი რუსულ ბანკებს დოლარის ტრანზაქციები დაებლოკებათ.

ნებისმიერი სანქციების გავლენა, რომელიც შეიძლება დაწესდეს პუტინზე, გაურკვეველია. რუსეთის ლიდერის ქონება საიდუმლოა და შესაძლოა მხოლოდ ნაწილობრივ იყოს ცნობილი დასავლური სადაზვერვო სააგენტოებისთვის. უფრო მეტია ცნობილი რუსი ოლიგარქებისა და პუტინის ახლო წრის შესახებ და ეს ადამიანები შეიძლება პუტინის მინდობილ პირებად მივიჩნიოთ.

“პანდორას დოკუმენტების” თანახმად, რომელიც Guardian-მა გასულ წელს გაავრცელა, გამომძიებლები ცდილობდნენ შეესწავლათ ზოგიერთი ადამიანის სიმდიდრე, რომლებიც, სავარაუდოდ, პუტინთან დაახლოებულნი იყვნენ, მაგრამ რუსეთის ლიდერის კონკრეტული აქტივების ან საბანკო ანგარიშების მიგნება რთული აღმოჩნდა.

ოფიციალურად, პუტინი თითქმის არ ფლობს აქტივებს. მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით 10 მილიონი რუბლია, ფლობს სამ მანქანას და ბინას.

კრემლი რუსეთის ლიდერის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობას ეწინააღმდეგება. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ “მთავრობის მეთაურის ან რუსეთის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უკიდურესი ზომაა, რომელიც უტოლდება ურთიერთობების გაწყვეტას”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ ვინგროვი და ჯასტინ სინკი