LIVE

რუბლი უფასურდება - 1 დოლარის ღირებულება 78.5 რუბლს აჭარბებს

25 იან 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2047
რუბლი უფასურდება - 1 დოლარის ღირებულება 78.5 რუბლს აჭარბებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხისა და დასავლეთის მიერ საპასუხოდ დაანონსებული სანქციების ფონზე, რუსული რუბლი გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამჟამად 1 აშშ დოლარის ღირებულება 78.5 რუბლს აჭარბებს.

ამასთან, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ რუბლის გაუფასურების საპასუხოდ უცხოური ვალუტის შესყიდვის შეწყვეტის გამო, რუბლი მცირედით დასტაბილურდა. ეს მას შემდეგ, რაც გუშინ კურსი 79.50-მდე, 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, დაეცა.

Promsvyazbank-ის ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ რუბლი 79-იან ნიშნულზე შენარჩუნდება, თუ მასზე გავლენას ახალი ამბები არ მოახდენს. რუსული აქტივები ძალიან მგრძნობიარეა უკრაინის გამო, მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობის მიმართ. ინვესტორები თვალს ადევნებენ აშშ-ს მონეტარული პოლიტიკის შესახებ ორდღიან შეხვედრას, რათა განსაზღვრონ განაკვეთების ზრდის შესაძლო დრო და ტემპი. 

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესყიდვა ბოლოს ორ წელზე მეტი ხნის წინ, პანდემიის გავრცელებისა და გლობალური ბაზრების შეფერხების საპასუხოდ შეაჩერა. 

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ადგილობრივ ბაზრებზე აქციების ფასი კიდევ უფრო შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინის დედაქალაქში საელჩოს ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. 

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ ინვესტორები დეესკალაციისკენ ნიშნებს ვერ დაინახავენ და რუსეთი არ გამოიყვანს და შეამცირებს უკრაინის საზღვართან განლაგებულ სამხედრო ძალებს, რუბლი-დოლარის კურსი არ დასტაბილურდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანა ანდრიანოვა