პირველი თებერვლიდან, შესაძლოა, უსიმპტომო მოქალაქეები, გარდა სამედიცინო პერსონალისა, აღარ გაიტესტონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირების დროებით შეჩერების ინიციატივით NCDC-იმ საკოორდინაციო საბჭოს მიმართა.
„უსიმპტომო ადამიანებისა და კონტაქტების ტესტირებას, ამ ეტაპზე, არავითარი მნიშვნელობა აქვს. ნუ გადავტვირთავთ ლაბორატორიებს. იცით როგორი რიგებია ლაბორატორიებში. ინფიცირებულთან კონტაქტირებული, უსიმპტომო, ადამიანი 8 დღე უნდა იყოს სახლში.
საკოორდინაციო საბჭოზე წინადადებით შევედით, რომ პირველი თებერვლიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ. ძირითადად უნდა გადავერთოთ სიმპტომებიან ადამიანებზე. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ სიმპტომებიანი პირები გაიტესტონ. ინფექციის დადასტურების შემთხვევაში კი, იმ ალგორითმით იმოქმედონ, რომელიც დადგენილია“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ეს შეეხება როგორც სწრაფ, ისე PСR ტესტირებას.
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ტესტირების შეჩერების პროცესი მოქალაქეებს მწვანე პასპორტის მიღებაში ხელს არ შეუშლის.