შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ევროპელ ლიდერებთან არსებობს “სრული ერთსულოვნება” უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მობილიზების თაობაზე.
რუსული აგრესიის წინააღმდეგ საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად აშშ-ის ლიდერი ვიდეოზარით ევროპელ მოკავშირეებს ესაუბრა.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ნატოს ხელმძღვანელი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის ლიდერები - ურსულა ფონ დერ ლეიენი და შარლ მიშელი.
“მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა - სრული ერთსულოვნება ყველა ევროპელ ლიდერთან”,- განაცხადა ბაიდენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბრიტანეთმა გააფრთხილა რუსეთი “სწრაფი” და “უპრეცედენტო” სანქციების შესახებ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. ბორის ჯონსონის სპიკერმა თქვა, რომ ლიდერები “შეთანხმებულნი არიან ერთიანობის მნიშვნელობაზე რუსეთის მზარდი ანტაგონიზმის პირობებში”.
დასავლური ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის შემთხვევაში, “მოკავშირეებმა უნდა მიიღონ სწრაფი სადამსჯელო ზომები, სანქციების უპრეცედენტო პაკეტის ჩათვლით”.
შავი ზღვის რეგიონში თავდაცვის გასაძლიერებლად ნატოს ზოგიერთი წევრი, მათ შორის დანია, ესპანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები, უკვე გეგმავენ ან განიხილავენ აღმოსავლეთ ევროპაში გამანადგურებლებისა და ხომალდების გაგზავნას.
კიევს ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინა დიდმა ბრიტანეთმა და უკვე გაუგზავნა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. უკვე უკრაინაშია აშშ-ის "ლეტალური" სამხედრო დახმარების პირველი ნაწილიც, რაც “მოიცავს 200 000 ფუნტამდე ლეტალურ დახმარებას, მათ შორის უკრაინის ფრონტზე მყოფი სამხედროებისთვის საბრძოლო მასალას”. რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო შვედეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ მზადყოფნას რეგიონებში, მათ შორის ბალტიის ზღვის კუნძულ გოთლანდზე.
მზარდი ესკალაციისა და ომის საფრთხის გამო დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოდან თანამშრომლების გაყვანა დაიწყო. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბრიტანელი დიპლომატები კონკრეტული საფრთხის წინაშე არ არიან, თუმცა კიევში მომუშავე პერსონალის დაახლოებით ნახევარი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო შეერთებულმა შტატებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოდან თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანის ბრძანება გასცა. პირველ რიგში ნაკლებად მნიშვნელოვან თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს გაიყვანენ. შეერთებულმა შტატებმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის ევაკუაცია.