LIVE

რა შეიძლება დაუჯდეს საქართველოს ეკონომიკას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

25 იან 202218:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 2339
რა შეიძლება დაუჯდეს საქართველოს ეკონომიკას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის მოლოდინშია, რასაც შესაძლოა პირდაპირი და ირიბი ნეგატიური გავლენა ჰქონდეს საქართველოზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

საქართველოსთვის უკრაინაში გეოპოლიტიკური ვითარების საომარ კონფლიქტში გადაზრდა რომ მნიშვნელოვანი რისკია, ამას "თიბისი კაპიტალიც" მიუთითებს. 2021 წელს, უკრაინისა და რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში, ტურიზმში, გზავნილებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 6.8%-სა და 14.1%-ს შეადგენდა.

საერთაშორისო მიმომხილველთა ნაწილის მოსაზრებით, თუ რუსეთმა უკრაინასთან შესაძლო ომში წარმატებას მიაღწია, შემდეგი საქართველო იქნება. შესაბამისად, ადგილობრივი და უცხოელი ანალიტიკოსების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის უფრო აქტიურ მხარდაჭერას ურჩევს, ნაწილი კი ასეთ გააქტიურებას სახიფათოდ მიიჩნევს. სიფრთხილის მომხრეთა შეფასებით, გააქტიურების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა პირდაპირი სამხედრო აგრესიის არა, მაგრამ რუსეთის ეკონომიკური სანქციების პირისპირ აღმოჩნდეს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთი რუსეთის მიმართ “უპრეცედენტო” სანქციებს აანონსებს, რასაც ასევე ექნება პოტენციური ნეგატიური გავლენა საქართველოზე, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთზე არაერთი მიმართულებით.

როგორია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები?

საგარეო ვაჭრობა

ბოლო ათწლეულია რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წელს 10.2%-იანი წილით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, თურქეთის შემდეგ. გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ „საქსტატის“ მონაცემებით, $610 მილიონს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 14.4% მოდის. საქართველოს ძირითად საექსპორტო პროდუქციის, კერძოდ ღვინის 59%, მტკნარი და მინერალური წყლების 43%, სპირტიანი სასმელების 26% და ფეროშენადნობების 35% სწორედ რუსეთში იყიდება.

ტურიზმი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ 2021 წელს რუსმა ტურისტებმა საქართველოში $152 მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს არც თუ ისე დიდი თანხაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიამდელ 2019 წელს რუსი ტურისტების ხარჯებმა საქართველოში $776.1 მილიონს მიაღწია. შესაბამისად, თუ რუსეთი თავის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვას აუკრძალავს, ქვეყანა მინიმუმ $100-$150 მილიონს დაკარგავს. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა. რუსეთის საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ავიამიმოსვლის აღდგენას საქართველოში სტაბილიზაცია და "რუსოფობიული კამპანიის" დასრულება სჭირდება.

ფულადი გზავნილები

გასულ წელს ფულადმა გზავნილებმა საქართველოში, რეკორდულ ნიშნულს $2 მილიარდ 349 მილიონს გადააჭარბა. აქედან 17.5%, ანუ $411.3 მილიონი რუსეთიდან გადმოირიცხა. ზოგადად ფულადი გზავნილების მთლიანად დაბლოკვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს თუ SWIFT-ზე წვდომა შეუზღუდეს, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა საქართველოში ვეღარ მოხერხდება და დანაკარგები, მართლაც დიდი იქნება.

აღსანიშნავია, ისიც რომ საქართველოდ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, რუსული ხორბლის ($87.4 მილიონი / 337.6 ათასი ტონა), მზესუმზირის ზეთის ($41.6 მილიონი / 28.3 ათასი ტონა), ნავთობის და ნავთობპროდუქტების ($134.6 მილიონი / 224.7 ათასი ტონა) იმპორტზე. შესაბამისად, თუ რუსეთი საქართველოს აღნიშნულ პროდუქციაზე წვდომას შეუზღუდავს, ქვეყანას ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწევს, რაც ლოჯისტიკას გაართულებს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტსაც გააძვირებს.

შესაძლო საომარი კონფლიქტის ეკონომიკურ ფასზე მიუთითებენ საერთაშორისო ექსპერტები. როგორც Bloomberg-ი წერსრუსეთთან კონფლიქტით ევროკავშირს გაცილებით მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე აშშ-ს. რუსეთი ევროკავშირის მეხუთე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ენერგიის მთავარი მიმწოდებელია. აშშ-სთვის კი ის 30 სავაჭრო ძირითად პარტნიორშიც კი ძლივს ხვდება. მსგავსი უფსკრულია ინვესტიციების კუთხითაც. შედეგად, მზარდი ინფლაციის და ენერგიის ფასის ზრდის პირობებში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით შედარებით ფრთხილია.