LIVE

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს - Global Firepower

22 იან 202218:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 2532
რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს - Global Firepower

მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები. პუტინის მთავარი მოთხოვნაა ოფიციალური დაპირება, რომ არასოდეს დაუშვან უკრაინა და საქართველო ნატოში, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია.

როგორც დასავლური, ასევე უკრაინული და რუსული ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 150 ათასიანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს თავმოყრილი და ომის საფრთხე საკმაოდ დიდია. რა შეიძლება უკრაინამ დაუპირისპიროს და როგორია ძალთა თანაფარდობა,  გთავაზობთ Global Firepower-ის 2022 წლის მონაცემებს:

უკრაინა

თავდაცვის ბიუჯეტი - $11 870 000 000;

სარეზერვო სამხედრო ძალა - 250 000;

აქტიური სამხედრო ძალა  - 200 000.

რუსეთი

თავდაცვის ბიუჯეტი - $154 000 000 000;

სარეზერვო სამხედრო ძალა - 250 000;

აქტიური სამხედრო ძალა - 850 000. 

Global Firepower-ის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებაშია 2 596 ტანკი და 12 303 ჯავშანმანქანა. რუსეთს 12 420 ტანკი და 30 122 ჯავშანმანქანა აქვს.

დიდი უპირატესობა აქვს რუსეთს საბრძოლო ავიაციაშიც. რუსეთის 1 511, ხოლო უკრაინას 98 მოიერიშე თვითმფრინავი აქვს. რუსეთის განკარგულებაშია, ასევე 544 მოიერიშე ვერტმფრენი, მაშინ როცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მათი რაოდენობა 34 ერთეულია.

რაც შეეხება არტილერიას, რუსეთის განკარგულებაშია 7 571 ბუქსირებადი და 6 574 თვითმავალი ქვემეხი, ასევე 3 391 მობილური რაკეტის გამშვები. უკრაინის არტილერია სულ 1 067 თვითმავალ და 2 040 ბუქსირებად ქვემეხს ითვლის. მობილური რაკეტის გამშვებები უკრაინის არმიაში 490 ერთეულს არ აღემატება.

უკრაინის საზღვაო ძალები 1 ფრეგატს 1 ნაღმოსანს და 13 საპატრულო კატარღას, რუსეთი 11 ფრეგატს, 49 ნაღმოსანს, 59 საპატრულო კატარღას, 80 კორვეტს, 70 წყალქვეშა ნავს, 1 კრეისერს და 15 სადესანტო ხომალდს დაუპირისპირებს. 

Global Firepower-ის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ადგენს არმიების რეიტინგს, მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის უკრაინის არმიას 22-ე ადგილი უკავია, ხოლო რუსეთი რეიტინგში მეორეა.

რა ღირს ომი და რა ჯდება საბრძოლო მოქმედებების ერთი დღე 

როგორც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, დონბასის ომის ერთი დღე უკრაინის ბიუჯეტს $8-დან $10 მილიონამდე უჯდებოდა. 2016 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ 6 თვის განმავლობაში რუსეთმა სირიაში 33 მილიარდი რუბლი, ანუ დაახლოებით $425 მილიონი დახარჯა, თუმცა რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ სირიაში გაწეული ხარჯები თითქმის სამჯერ მეტია და მხოლოდ ავიაციის საბრძოლო დანაკარგებმა ფულად ეკვივალენტში $152 მილიონს გადააჭარბა. საკმაოდ ძვირი დაუჯდათ რუსეთის მოქალაქეებს სირიის ქალაქებისა და სოფლების КОЛИБР-ის ტიპის 71 რაკეტით დაბომბვაც. როგორც რუსული მედია წერს, ერთი ასეთი რაკეტა $900 ათასი ღირს და რუსეთმა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ჰაერში $64 მილიონი გაისროლა.

დღეში, დაახლოებით, $90 ათასი უჯდება რუსეთს ცნობილი სამხედრო ფორმირების „ვაგნერის“ შენახვა. სწორედ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ეხმარებოდნენ სირიის დიქტატორ ასადს ძალაუფლების შენარჩუნებაში.