LIVE

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

22 იან 202211:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 2581
აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში დაეხმარება.

საელჩომ Twitter-ზე დაწერა, რომ დახმარება “მოიცავს 200 000 ფუნტამდე ლეტალურ დახმარებას, მათ შორის უკრაინის ფრონტზე მყოფი სამხედროებისთვის საბრძოლო მასალას”.

სამხედრო დახმარება და 2014 წლის შემდეგ დახარჯული $2.7 მილიარდი “მეტყველებს აშშ-ის ერთგულებაზე, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვის გაძლიერებაში რუსული აგრესიის ფონზე”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩომ არ დააკონკრეტა, კიდევ რა შედის დახმარებაში, მაგრამ განაცხადა, რომ ეს იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ “ახლახან გაგზავნილი დახმარების” პირველი გადაზიდვა.

სამხედრო დახმარება უკრაინას შემაშფოთებელი კვირის ბოლოს გაეგზავნა. ჟენევაში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა და მხარეები მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

“თუ რუსეთს სურს დაიწყოს მსოფლიოს დარწმუნება, რომ არ აქვს აგრესიული განზრახვა უკრაინის მიმართ, ამისთვის ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება დეესკალაცია”, - განაცხადა ბლინკენმა სამდღიანი ევროპული მოგზაურობის დასასრულს.

22-23 იანვარს ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს კემპ დევიდში, მერილენდში შეხვდება. 

რუსეთმა 100 000 ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინის საზღვართან და მოითხოვა, ქვეყანა არასოდეს გახდეს ნატოს წევრი. წარუმატებელი მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ დასავლელმა და რუსმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიციები გაყოფილია უსაფრთხოების კონფლიქტის ინტერესების გამო და სამხედრო კონფლიქტის მუდმივ რისკებზე გაამახვილეს ყურადღება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციას განიხილავს. გეგმის მიხედვით, პერსონალს, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელი არ არის, გამგზავრება ნებაყოფლობით შეუძლია, ხოლო დიპლომატების ოჯახებს სახლში დაბრუნება დაევალებათ.

მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების გამო ბრიტანეთმა უკრაინას თავდაცვის შეიარაღება გადასცა, ხოლო რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო შვედეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ მზადყოფნას რეგიონებში, მათ შორის ბალტიის ზღვის კუნძულ გოთლანდზე. კუნძული მდებარეობს კალინინგრადის მძიმედ მილიტარიზებული რუსული ექსკლავის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 200 მილის დაშორებით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ ჰარნი