LIVE

"ნადი გრუპი" 300 ტონა ლოკოკინის ექსპორტს გეგმავს

19 იან 202216:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 1998

საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინას ექსპორტის დაშვებას სექტორის წარმომადგენლები პოზიტიურად აფასებენ. როგორც კომპანია "ნადი გრუპში" აცხადებენ, ევროკავშირში ლოკოკინაზე მოთხოვნა მზარდია.

„ჩვენი პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები, ევროკავშირის ქვეყნები არიან. ლოკოკინებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და ამ მხრივ ევროკავშირის ბაზარი დაუკმაყოფილებელია. აქედან გამომდინარე, ფერმერების ინტერესი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვცდილობთ წარმოება გავაფართოოთ და გეგმაში გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, 300 ტონა ლოკოკინას ექსპორტი განვახორციელოთ“,- აცხადებს „ნადი გრუპის“ პარტნიორი, მალხაზ დუნდუა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ამასთან, სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ საჭიროა ფერმერებს შესაბამისი განათლება ჰქონდეთ, თუ როგორ გააშენონ და მართონ სწორად ლოკოკინების ფერმა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ლოკოკინის წარმოების შექმნისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

ცნობისთვის, ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია.