ქვეყნის 10 რეგიონში სოციალური სააგენტოს დასაქმებულები გაიფიცნენ. სოციალური აგენტები ხელფასის 100%-ით ზრდასა და სააგენტოსთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით თომსარაშვილის განმარტებით, დამსაქმებლის უმოქმედობამ სოციალურ აგენტებს პროტესტის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა.
„წლებია ვიბრძვით სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის გასაზრდელად. სამწუხაროდ უშედეგოდ. არ გვისმენდნენ სააგენტოს წარმომადგენლები. მხოლოდ მაშინ მოგვაქციეს ყურადღება, როცა ძალა დავანახეთ და ნახეს რომ ბევრნი ვართ. ამ ეტაპზე დასაქმებულებს სხვა გზა აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ გამოიყენონ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული პროტესტის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები უარს ამბობენ მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე“,- აცხადებს თომსარაშვილი.
მისი განმარტებით, გაფიცულებისათვის მიუღებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს შეთავაზება, რომლის თანახმადაც სააგენტოს თანამშრომლებს ხელფასები თებერვლიდან 40%-60%-ით გაეზრდებათ.
„ნდობა დაიკარგა სააგენტოსა და მის თანამშრომლებს შორის. ამიტომ გვჭირდება კოლექტიური ხელშეკრულება, სადაც ყველა პირობა იქნება გაწერილი“,- აცხადებს თომსარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გაფიცვის დაანონსების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-60 %-ით გაეზრდებათ. ისინი ვინც 250 ლარს იღებდნენ 400-ს, ხოლო 550 -ის ნაცვლად 700 ლარს მიიღებენ.