LIVE

Credit Suisse-ის პრეზიდენტი კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გადადგა

17 იან 202214:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 652
Credit Suisse-ის პრეზიდენტი კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გადადგა
Simon Dawson/Bloomberg

Credit Suisse Group-ის თავმჯდომარე ანტონიო ჰორტა-ოსორიო თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის საკარანტინო წესების დარღვევაა.

ციურიხში მდებარე ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადადგომას წინ საბჭოს დაკვეთით ჩატარებული გამოძიება უძღოდა. ბანკმა ჰორტა-ოსორიოს შემცვლელად საბჭოს წევრი აქსელ ლემანი დაასახელა. 

ჰორტა-ოსორიოს მიერ კარანტინის დარღვევის დეტალები პირველად ერთი თვის წინ გახმაურდა.

ის გასული წლის ივლისში უიმბლდონის ჩოგბურთის ფინალს კოვიდრეგულაციების დარღვევით დაესწრო. გარდა ამისა, გასული წლის 28 ნოემბერს ანტონიო ჰორტა-ოსორიო შვეიცარიაში დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა და პირენეს ნახევარკუნძულზე 10-დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვამდე გაემგზავრა. ბანკმა მაშინ თავმჯდომარის მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევა სინანულით აღიარა. 

"ვწუხვარ, რომ ჩემმა უამრავმა პირადმა ქმედებამ ბანკს სირთულეები შეუქმნა და შეარყია ჩემი შესაძლებლობა წარმოვადგენდე ბანკს შინ და გარეთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი გადადგომა არის ბანკისა და მისით დაინტერესებული მხარეების ინტერესში ამ გადამწყვეტ მომენტში",- ამბობს ანტონიო ჰორტა-ოსორიო. 

გასული წელი Credit Suisse-თვის რთული იყო. Greensill Capital-ისა და Archegos Capital Management-ის ორმაგი სკანდალები ბანკს $5 მილიარდზე მეტი დაუჯდა და მისი აქციები მეხუთედ შემცირდა. ანტონიო ჰორტა-ოსორიო, რომელიც Lloyds Banking Group-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია, CS-ს 9 თვის უკან შეუერთდა იმ განზრახვით, რომ ბანკის ზიანი გამოესწორებინა. ის მტკიცე მმართველად მიიჩნეოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პატრიკ უინტერსი, მარიონ ჰალფტერმაიერი და ამბერინ ჩოუდური