LIVE

ევროპოლი უდანაშაულო მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა

11 იან 202214:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 861
ევროპოლი უდანაშაულო მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა
AP Photo/Peter Dejong, File

მონაცემთა დაცვის ევროპელმა ოფიცერმა (EDPS) ევროპოლს დაავალა, გაანადგუროს ნებისმიერი ინფორმაცია იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებსაც კავშირი არ აქვთ არანაირ დანაშაულთან. გამოძიებამ დაადგინა, რომ ევროკავშირის პოლიციის სააგენტო უდანაშაულო მოქალაქეების მონაცემებს აგროვებდა და ინახავდა.

ევროპოლს დაევალა, წაშალოს ნებისმიერი მონაცემი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის ხანგრძლივობის გარანტიებს. რეგულაციის მიხედვით, მონაცემების შენახვა შესაძლებელია მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში, თუ ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ დამტკიცდება.

EDPS-მა ორი წლის წინ საყვედური გამოუცხადა ევროპოლს ისეთი მონაცემების შენახვისთვის, რომლებიც “რისკს უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს”.

საზედამხედველო ორგანომ განაცხადა, რომ ევროპოლმა გარკვეული ზომები მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოთხოვნები მონაცემთა შენახვის ვადების ნაწილში.

”ეს ნიშნავს, რომ ევროპოლმა მოქალაქეების პერსონალური მონაცემები იმაზე მეტ ხანს შეინახა, ვიდრე საჭირო იყო”, - ნათქვამია EDPS-ის განცხადებაში.

ევროპოლს ახლა 12 თვე აქვს იმისთვის, რომ წაშალოს შეგროვებული მონაცემები, რომლებიც 3 იანვრამდე არ განადგურებულა.