LIVE

ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის გული პირველად გადაუნერგეს

11 იან 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 910
ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის გული პირველად გადაუნერგეს

57 წლის ამერიკელი დევიდ ბენეტი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. BBC წერს, რომ შვიდსაათიანი ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. 

ტრანსპლანტაცია ბენეტის სიცოცხლის გადარჩენის უკანასკნელ იმედად მიიჩნეოდა, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ოპერაცია 100%-ით წარმატებულია.

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებისთვის ოპერაცია წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევის კულმინაციაა. ეს ნაბიჯი მეცნიერებისთვის შესაძლოა, მნიშვნელოვანი მიღწევა აღმოჩნდეს. 

ქირურგი ბარტლი გრიფიტი ამბობს, რომ ოპერაციით მსოფლიო „ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება ორგანოთა დეფიციტის კრიზისის დაძლევას“, ნათქვამია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის განცხადებაში. 

აშშ-ში დღეში ტრანსპლანტაციის მოლოდინში 17 ადამიანი იღუპება.  გავრცელებული ინფორმაციით, ორგანოს გადანერგვას ქვეყანაში 100 000-ზე მეტი ელოდება. 

2021 წლის ოქტომბერში აშშ-ში ქირურგებმა განაცხადეს, რომ მათ წარმატებით გადაუნერგეს ღორის თირკმელი ადამიანს. იმ დროისთვის ოპერაცია იყო ყველაზე მოწინავე ექსპერიმენტი ამ სფეროში. თუმცა, იმ შემთხვევაში მიმღების ტვინი უკვე მკვდარი იყო და ექიმებს პაციენტის გამოჯანმრთელების იმედი არ ჰქონდათ.