LIVE

ყაზახეთიდან CSTO-ს ჯარების გაყვანა 2 დღეში დაიწყება

11 იან 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1030
ყაზახეთიდან CSTO-ს ჯარების გაყვანა 2 დღეში დაიწყება

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჯომარტ ტოკაევის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) ჯარების ქვეყნიდან გაყვანა ორ დღეში დაიწყება და პროცესი უახლოეს 10 დღეში დასრულდება.

CSTO-ს სამხედრო კონტინგენტი ყაზახეთში გასულ კვირას მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ ბლოკს ძალადობრივი არეულობის ფონზე სამხედრო დახმარება სთხოვა.

ტოკაევმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ახალი პრემიერ-მინისტრი, ალიხან სმილოვი წარადგინა. 49 წლის სმილოვი წინა მინისტრთა კაბინეტში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

პარლამენტში გამოსვლისას ტოკაევი ცდილობდა დაერწმუნებინა მოქალაქეები, რომ ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მუშაობს. პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკსა და ფინანსურ მარეგულირებელ სააგენტოს დაავალა, უზრუნველყონ სავალუტო ბაზრის სტაბილურობა, რათა გაძლიერდეს ნდობა ადგილობრივი ვალუტის, ტენგეს მიმართ. 

ყაზახეთში მასობრივი დემონსტრაციები თხევადი გაზის გაძვირების გამო დაიწყო. მოქალაქეები პრეზიდენტის და  მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და კორუფციას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციების ფონზე პრეზიდენტმა ყასიმ-ჯომარტ ტოკაევმა მთავრობის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას ვითარების კონტროლი გაუჭირდა, პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) სამხედრო დახმარება სთხოვა და ამტკიცებს, რომ პროტესტი ტერორისტული ქმედება და გარე აგრესიის აქტია, რაც საფრთხეს სახელმწიფოს მთლიანობას უქმნის.