LIVE

თურნავა: ლარი საკმაოდ მყარი და სტაბილურია

10 იან 202214:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 623
თურნავა: ლარი საკმაოდ მყარი და სტაბილურია

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეროვნული ვალუტა საკმაოდ მყარი და სტაბილურია. 

ნათია თურნავამ ინფლაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მაღალი ინფლაცია ერთჯერადი და დროებითი პრობლემაა.

„ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა არის ეკონომიკაში მიმდინარე პერიოდის გამოწვევა. ეს გახლავთ მაღალი ინფლაცია. საკითხი გლობალურ კონტექსტში უნდა დავინახოთ, რადგან ჩვენ წინა პერიოდში არასოდეს გვქონია მაღალი ინფლაცია. ბოლო წლებში, 3, მაქსიმუმ 4% იყო წლიური ინფლაცია, რაც მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე გაიზარდა. ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყნების წინასწარი შედეგები რომ ვნახოთ, მაგალითად აშშ-ში ინფლაცია ბოლო 40 წლის მაქსიმუმზეა, გერმანიაში ბოლო 29 წლის პიკზეა. მეზობელ თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია და წლიური მაჩვენებელი 36%-ს აღწევს. ეს კი ეროვნული ვალუტის, ლირის, დევალვაციის ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ჩვენი ეროვნული ვალუტა, ლარი, საკმაოდ მყარი და სტაბილურია. მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით გაძვირდა სასურსათო პროდუქცია, გაძვირდა ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი. აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც ინტეგრირებულია რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, გამონაკლისი ვერ იქნებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს პანდემიას მომყოლი ეფექტია, რაც ნიშნავს, რომ ერთჯერადი და დროებითი პრობლემაა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, გაზაფხულიდან ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელი, ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს, თუმცა ჩვენ ამ მომენტს არ ველოდებით და ახლაც ძალიან აქტიურად ვერევით ინფლაციის მოთოკვის პროცესში“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გასული წელი ეკონომიკური თვალსაზრისით რთული, მაგრამ საკმაოდ წარმატებული იყო. „ველოდებით, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა 10.7%-ზე ნაკლები არ იქნება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი საწინდარია იმისა, რომ 2022 იყოს უფრო მეტად წარმატებული წელი და უფრო მეტი საშუალება გვქონდეს, გავაუმჯობესოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. მაგალითად სახელმწიფოს ვალის დონის მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებაში მთელი 10%-ით შეგვიძლია შევამციროთ. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. წელს ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამოწვევა იქნება სიღარიბესთან ბრძოლა და ყველაფერი რაც დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ასევე ბიზნესის წახალისებასთან და კვლავ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასთან“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.