საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ინფლაცია შემცირებას პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყებს და წლის ბოლოს დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. როგორც ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, მაღალი ინფლაცია ქვეყანაში კოვიდ პანდემიის ერთ-ერთი თანმდევი პროცესია.
„საქართველო ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოშიც.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლის გატარებაც ხდება ფისკალურ ნაწილში, რომელიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არ გადაიზრდება ეს პროცესი გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში“,- აღნიშნა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ მონაცემებით გასული წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 13.9% შეადგინა.