LIVE

ღარიბაშვილი: წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა

10 იან 202211:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 1050
ღარიბაშვილი: წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა 10.7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი, რაც 2.5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრსა, სადაც გასული წლის ძირითად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება. 

„მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, ახალი პროგნოზით - 59.6 მილიარდი ლარია. 

11 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტის ზრდამ 26.7% შეადგინა, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ - 28.7%; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან მიმართებით 112%-ით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 37% შეადგინა. უნდა აღნიშნოს, რომ ივლისიდან მოყოლებული, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური თვის 50 %-ს აჭარბებს (ნოემბერში 55% იყო); პირველ 11 თვეში წმინდა ფულადი გზავნილები 25.4%-ით გაიზარდა; პირველ 3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 2.1%-ით გაუმჯობესდა, მათ შორის, მესამე კვარტალში - 6.1%-ით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა პროგნოზირებს, რომ წლიურად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წელს 10.5 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, 5%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.

„სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე. შეჯამებისთვის კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ 2021 წელს ჩვენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწევთ. ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში, ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, წარმატებასმისთვის ჩვენ გვჭირდება მეტი მუშაობა, მეტი მობილიზებით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.