მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა Google-ის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობა, განკურნება და ერთად დგომა 2021 წლის მთავარი თემები იყო.
Google ყოველდღიურად ამუშავებს მილიარდობით მოთხოვნას და მისი წლის ძიების მონაცემები ავლენს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს, მომენტებსა და ინდივიდებს.
ადგილები, რომელთა დახმარება გვინდოდა
2021 წელს ადამიანებს სურდათ გამოეხატათ თანაგრძნობა ომით განადგურებული ორი ტერიტორიის მიმართ. “როგორ დავეხმაროთ პალესტინას” მაისში მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძიება გახდა. ამას მოჰყვა აგვისტოში - “როგორ დავეხმაროთ ავღანეთს”.
ექსტრემალური ამინდის გამო ბევრი ადამიანი ეძებდა ინფორმაციას, როგორ დახმარებოდა ტეხასს. შემდეგ კი, როცა მიწისძვრას მოჰყვა ტროპიკული შტორმი გრეისი, ადამიანები ეძებდნენ ინფორმაციას ჰაიტის დახმარების შესახებ.
სიკეთის გამოვლენის გზების ძიება
ხალხი ასევე ეძებდა სხვათა მიმართ სიკეთის გამოვლენის გზებს. ადამიანები მთელს მსოფლიოში ეძებდნენ “ვაქცინაციის მოხალისეობის” გზებს. ასევე ეძებდნენ გზებს გლობალური ვაქცინაციის პროგრამის დასახმარებლად.
გასულ წლებთან შედარებით ყველაზე ხშირად ეძებდნენ ინფორმაციას ექთნების კვირის შესახებ, რათა გამოეხატათ მადლიერება სამედიცინო მუშაკების მიმართ.
ფსიქიკური ჯანმრთელობა და თვითგანკურნება
პანდემია შეეხო არა მხოლოდ ფრონტზე მყოფ სოციალურ და სამედიცინო პერსონალს, არამედ მათ, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები, გაატარა დრო საავადმყოფოში, განიცადა ცვლილებები სამუშაო ცხოვრებაში ან დიდი პერიოდით დარჩა სახლში. “როგორ შევინარჩუნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა” - წელს უფრო მეტჯერ მოიძებნა, ვიდრე ოდესმე.
ცხოვრების წესი
წლის ყველაზე ხშირი საძიებო ტერმინები არა მხოლოდ ავლენს გავლენას, რომელიც COVID-19-მა მოახდინა ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ცვლილებების ტალღებს, რომელიც მან ჩვენს ცხოვრებაში გამოიწვია.
Rightmove-ის მონაცემების თანახმად, სახლიდან მომუშავე ქალაქის მაცხოვრებლებმა დაიწყეს ნივთების ჩალაგება და სოფლის ცხოვრების ოცნებების ასრულება 2020 წელს. ეს ტენდენცია გაგრძელდა 2021 წელს.
სამუშაო-ცხოვრების ბალანსის პოვნისკენ სწრაფვამ აიძულა ბევრი ადამიანი, დაეტოვებინა სამსახური. ფენომენმა შეიძლება აიძულოს კომპანიები, გადახედონ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ნიჭი, თუმცა, სამყაროს სხვა იდეები აქვს. “როგორ დავიწყოთ ბიზნესი” - უფრო მეტჯერ მოიძებნა, ვიდრე “როგორ მივიღოთ სამუშაო”.