LIVE

სტოლტენბერგი: ნატო მზად უნდა იყოს რუსეთთან დიალოგის წარუმატებლობისთვის

08 იან 202212:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 903
სტოლტენბერგი: ნატო მზად უნდა იყოს რუსეთთან დიალოგის წარუმატებლობისთვის
EPA

“ნატო მზად უნდა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის დიალოგის წარუმატებლობისთვის”, - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ყველა ღონეს ვიხმართ, რომ პოლიტიკური გზა მოვნახოთ ძალის გამოყენების პრევენციისთვის, მაგრამ ამავდროულად, მზად უნდა ვიყოთ დიალოგის ჩავარდნისთვის. ჩვენ ვუგზავნით მკაფიო სიგნალს მოსკოვს - ძალის გამოყენებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს - ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები”, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ მოსკოვის მოთხოვნები მიუღებელია და დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

ნატო შეშფოთებულია - 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არსებობს სამხედრო კონფლიქტის რეალური რისკი, თუ დიპლომატიური ძალისხმევა კრიზისის დეესკალაციისთვის წარუმატებელი იქნება.

მოსკოვი უკრაინას “გავლენის სფეროს” ნაწილად აცხადებს და ირწმუნება, რომ უკრაინას არ მიეცემა დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების უფლება.

“ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის დემოკრატიული, სტაბილური უკრაინის იდეა, რაც რუსეთისთვის გამოწვევაა და ამიტომ ნატო გააგრძელებს ჩვენი პარტნიორის, სუვერენული სახელმწიფოს მხარდაჭერას”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სამხედრო ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს და განიხილეს მიდგომები შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ახლა ორგანიზაცია ემზადება ნატო-რუსეთის სხდომისთვის, რომელიც 2019 წლის შემდეგ პირველად ჩატარდება.