იტალიაში 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. ქვეყანა ცდილობს ამ გზით გაუმკლავდეს ვირუსის გავრცელების დრამატულ ზრდას, რაც ომიკრონის ვარიანტმა გამოიწვია.
50 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საბუთი, რომელიც დაადასტურებს, რომ ან აცრილი არიან, ან ახლახან გამოჯანმრთელდნენ COVID-19-ისგან. სხვა შემთხვევაში მათ თებერვლის შუა რიცხვებიდან მუშაობის უფლების შეჩერება ემუქრებათ. 50 წელზე უფროსი ასაკის დაუსაქმებელი პირები ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
ახალ წესებზე შეთანხმება, რომელთაგან ზოგიერთი ყველაზე მკაცრია ევროპაში, მას შემდეგ მოხდა, რაც ოთხშაბათს რეკორდული, თითქმის 190,000 შემთხვევა დაფიქსირდა და დაღუპულთა რაოდენობამ 2020 წლის გაზაფხულის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია.
იტალიაში ვაქცინაციის კამპანია შედარებით წარმატებული იყო. მოსახლეობის 78$ ვაქცინირებულია, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. თუმცა, მთავრობის პრიორიტეტია ეკონომიკური აღდგენის დაცვა, ლოქდაუნის თავიდან აცილება და ჯანდაცვის სისტემის დაცვა გადატვირთვისგან.
იტალიაში 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 7% არ არის აცრილი, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში ეს რიცხვი 11%-ს აღწევს. ომიკრონის ვარიანტის გავრცელებასთან ერთად საავადმყოფოებში მიღებები კვირაში 25%-ით გაიზარდა. ჩვეულებრივი საავადმყოფოს საწოლების დაახლოებით 25%-30%-ს კოვიდინფიცირებულები იკავებენ.