თურქეთი ექსპორტიორებს შემოსავლების მეოთხედის ლირაში გადაცვლას მოსთხოვს. ეს მთავრობის ძალისხმევის ფარგლებში უკანასკნელი ნაბიჯია, რომლის მიზანი რეზერვების გაზრდაა.
როგორც მონეტარული ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრალური ბანკი საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის 25%-ს შეისყიდის, როდესაც ექსპორტიორები გადახდებს აშშ დოლარში, ევროში ან ფუნტში მიიღებენ.
ღონისძიება მიზნად ისახავს თურქეთის უცხოური ვალუტის რეზერვების გაზრდას, რასაც კომპანიების მხრიდან შემოსავლების ნაწილის ეროვნულ ვალუტაში შენახვა დაეხმარება.
ნაბიჯი ლირას მკვეთრ გაუფასურებას მოჰყვა. თურქული ვალუტა დოლართან მიმართებით გასულ წელს თითქმის 50%-ით გაუფასურდა. ვალუტის გაუფასურებაზე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივამ იმოქმედა, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას გულისხმობს.
ლირა 0.3%-ით შესუსტდა და სტამბოლში 15:54 საათზე დოლარზე 13.3430-ად ივაჭრებოდა. თურქული ვალუტა მთავარ ვალუტებს შორის, რომლებსაც Bloomberg-ი ადევნებს თვალს, ყველაზე მეტად გაუფასურდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ასლი კანდემირი