2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 21 მლრდ აშშ დოლარს (65.7 მლრდ ლარი) შეადგენს, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 120.1%-ია.
სებ-ის მონაცემებით, მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 130.9 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 234.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო კი 28.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 121.8 და 10.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 59.6%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.7 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 965.7 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები 542.1 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების სესხები კი 1.2 მლრდ აშშ დოლარია.
სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საგარეო ვალი 4.3 მლრდ აშშ დოლარია, სხვა სექტორების საგარეო ვალი - 4.8 მლრდ აშშ დოლარი, კომპანიათაშორისი ვალი კი 3.2 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 92.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 12.9 მლრდ აშშ დოლარი (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 73.8%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.1%-ს შეადგენს.
2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 275.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 965.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.