LIVE

2021 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

31 დეკ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1025
2021 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

2021 წელი პოლიტიკური დაძაბულობის თუ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების პარალელურად, ეკონომიკური მოვლენებითაც გამორჩეული იყო.

"ბიზნეს ფორმულა" გთავაზობთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს:

ინფლაცია 10-წლიან მაქსიმუმზე

წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევა 10-წლიან მაქსიმუმამდე დაჩქარებული ინფლაციაა. ნოემბერში წლიური ინფლაცია 12.5%-მდე დაჩქარდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატებოდა. რეკორდულად მაღალი ფასების საერთო დონის საპასუხოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვიხილეთ. დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თავის მხრივ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ლარის სესხების მნიშვნელოვანი გაძვირების წინაპირობა გახდა.

ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზე

2021 წელს საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 11 თვეში უცხოეთიდან გადმორიცხულმა თანხამ $2.1 მილიარდს გადააჭარბა, რაც აღემატებოდა როგორც პანდემიური 2020 წლის ($1.88 მილიარდი), ასევე 2019 წლის წლიურ მონაცემსაც ($1.7 მილიარდი). აღნიშნული ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები პანდემიის გამო გადაადგილების შეზღუდვას და ქეშის სახით შემოსული ფულის გადმორიცხვებში გადანაცვლებას ასახელებენ.

ევრობონდების ემისია

წელს საქართველომ $500 მილიონის ევრობონდები წარმატებით გამოუშვა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 5-წლიანი ბონდების საპროცენტო განაკვეთი 2.75% იყო. ახალი ევრობონდებით ქვეყანამ 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა - $500 მლნ დაფარა. 

უარი ევროკავშირის სესხზე

საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის €75-მილიონიან მაკროფინანსურ დახმარებაზე, რის საპასუხოდაც ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა თანხის მიღების წინაპირობა. ამასთან, პრემიერმა სკანდალური გადაწყვეტილების მოტივად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა, თუმცა ფაქტია, რომ მთავრობამ წელს სხვა დონორებისგან არაერთხელ ისესხა თანხა.  

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

2021 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა იყო, რაც მაღალი ინფლაციისგან განსხვავებით, ნამდვილად პანდემიას უკავშირდება. იანვარ-ნოემბერში ქვეყნის ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა და სწორედ ეკონომიკური ზრდაა მაჩვენებელი, რომელზეც პრემიერი თუ ეკონომიკის მინისტრი წლის განმავლობაში აქტიურად აკეთებდნენ კომენტარებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ლოქდაუნების მოხსნის, საზღვრების გახსნის და სხვა პანდემიასთან დაკავშირებული ეფექტებითაა განპირობებული და ნაკლებად ითარგმნება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.

„ნამახვანჰესის" შეჩერებული პროექტი

თურქულმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა და შესაძლოა, საქმე არბიტრაჟამდე მივიდეს. მართალია, მთავრობას საკითხის არბიტრაჟის გარეშე გადაჭრის იმედი აქვს და პროექტის სახელმწიფოს მიერ განხორციელებასაც არ გამორიცხავს, თუმცა ფაქტია, რომ $800 მილიონიანი ენერგოპროექტის მომავალი ბუნდოვანია.

იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ახალი გენერაციის ობიექტები ვერ ვითარდება, მზარდია ელექტროენერგიის იმპორტი. 2021 წლის 11 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 41.5%-ით გაიზარდა, ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი კი რუსეთი გახდა.